მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > გულწრფელად მონანულს უფალი ყოველთვის შეიწყნარებს

გულწრფელად მონანულს უფალი ყოველთვის შეიწყნარებს


11-02-2014, 00:01

გულწრფელად მონანულს უფალი ყოველთვის შეიწყნარებს

 

სიტყვა მიცვალებულთა მძარცველის შესახებ, რომელიც სინანულმა გადაარჩინა

 

   ადამიანმა, რომელმაც უმძიმესი ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ შემდეგ ცრემლებით ჩამოირეცხა, გულწრფელად მოინანია და მყარად დაადგა გამოსწორების გზას, არასდროს აღარ უნდა იფიქროს, რომ წარსულ მძიმე ცოდვებს უფალი აღარ მიუტევებს და თავისი გულმოწყალების ღირსად მას არასოდეს გახდის. დაე, მან იცოდეს, რომ თუ ის მტკიცედ დაადგება სათნოების გზას, უფალი უეჭველად მიუტევებს და ძველ უსაქციელობას აღარასოდეს გაიხსენებს. იერუსალიმის ერთ - ერთი მონასტრის იღუმენი, სახელად იოანე, გვიყვება: „ერთხელ ჩემთან ერთი ყრმა მოვიდა. ის ცრემლებად იღვრებოდა და მეუბ-ნებოდა:

- მამაო, მიმიღე, მონანიება მსურს.

   მისი ეგზომი მწუხარების მხილველმა, ვკითხე:

- ასე ძლიერ რისთვის დარდობ? გამიმხილე შენი მწუხარების მიზეზი და უფალი სულს შეგიმსუბუქებს.

   ყრმამ მომიგო:

- ოჰ, ძლიერ შევცოდე! - მძიმედ ამოიოხრა, დაიწყო გულში მუშტის ცემა და საშინლად აღელვებულმა, მეტი ვეღარაფერი მითხრა. მე, როგორც შემეძლო, ვაწყნარებდი, მონანულ და შენდობილ ცოდ-ვილთა შესახებ მონაყოლით ვარწმუნებდი და, როგორც იქნა, ჩემსას მივაღწიე. ყრმამ აღიარა.

- ერთხელ, ყური მოვკარი, - დაიწყო მან მოყოლა, - რომ ჩვენი ქალაქის უხუცესს ქალიშვილი გარდაეცვალა და ის ძვირფასი სამოსით დაუკრძალავთ. მე სასაფლაოს მივაშურე, იმ გამოქვაბულში შევიპარე, სადაც ქალწული იწვა და, როდესაც სამოსისაგან სრულიად განვძარცვე, წამოსვლას ვაპირებდი. მაგრამ მიცვალებულმა მაგრად ჩამავლო მარჯვენაში და მითხრა:

- ადამიანო! ნუთუ ღვთისა და მომავალ სამსჯავროსი სულ არ გეშინია, ასე რომ გამაშიშვლე! ან ამ ბოროტმოქმედების ჩამდენი ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს როგორღა მიიღებ?

   მე შევძრწუნდი და შევძახე:

- გამიშვი, მეტს აღარ ვიზამ!

   მაგრამ მას მაგრად ეჭირა ჩემი ხელი და განაგრძობდა:

- არა, აქედან ვერ გახვალ და კიდევ დიდხანს დაიტანჯები ჩემთან ერთად, ვიდრე შენი სული ბოროტებისაგან არ დაიცლება!

   მე ყოვლისმპყრობელი უფალი ვიფიცე, რომ ამგვარ საქმეს მეტად აღარ ჩავიდენდი და ბევრი ცრემლიც დავღვარე. ბოლოს ქალწულმა მითხრა:

- მაშინ სიტყვა მომეცი, რომ ამიერიდან არა მარტო ბოროტ საქმეებს განაგდებ, არამედ ამ სოფელსაც დატოვებ, ბერად შედგები და მთელ დარჩენილ ცხოვრებას უფლის სამსახურში გაატარებ.

   მე შევფიცე და მანაც ხელი გამიშვა.

   ამის შემდეგ, - განაგრძო იღუმენმა, - ყმაწვილი პირდაპირ ჩემთან მოვიდა და ყველაფერი მიამბო. მე აღვკვეცე იგი, მონაზვნური სახით შევმოსე და გამოქვაბულში ჩავკეტე. მან დარჩენილი დრო სინანულში გაატარა, უფლისგან პატიებისა და აღსასრულის შესახებ ეუწყა და ცოტა ხნის ავადმყოფობის შემდეგ უფალს მიაშურა.

   ასე რომ, ძმანო, თუ თქვენს ცოდვებს გულწრფელად მოინანიებთ და ახალ ცხოვრებას შეუდგებით, რაც არ უნდა ღრმა იყოს თქვენი ძველი ცოდვების იარები, უფალი განგკურნავთ და თავისთან მიგიღებთ. მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ (მათ. 11, 28). რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე (იოან. 6, 37). ჰოი, რარიგ ტკბილია, შენი ხმა, უფალო - ყოვლის მპატიებელი, ყველას მომხმობელი და შემწყნარებელი! ჭეშმარიტად, საოცარია ზეცის სიმაღლე, განსაცვიფრებელია ზღვის სიღრმე, უსაზღვროდ თვალუწვ-დენელია სამყაროს სივრცე! მაგრამ ყველაზე განსაცვიფრებელი და გამაოგნებელი ჩვენ, ცოდვილებისკენ მომართული უფლის სიყვა-რულია. ამინ.

„სვინაქსარი". ტომი 1.



უკან დაბრუნება