მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > საკუთარი თავის მიხედვით სხვებს ყოველთვის სწორად ვერ განვსჯით

საკუთარი თავის მიხედვით სხვებს ყოველთვის სწორად ვერ განვსჯით


9-02-2014, 00:01

საკუთარი თავის მიხედვით სხვებს ყოველთვის სწორად ვერ განვსჯით

 

 

სიტყვა პატერიკისა მავან მონაზონზე, ვინც ადრე რომში მეფის წარჩინებული ყოფილა

 

   ზოგჯერ ხდება, რომ ღვთისმოსავი ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა ღვაწლით უფალს აამეს, სხვა ღვთისმოსავე ადამიანების შემხედვარე, შეცბუნებულნი რჩებიან. მათის აზრით, ისინი უფლისათვის ისეთივე გულმოდგინებით არ ირჯებიან, როგორც თვითონ, და ამგვარად შეჭოჭმანებულნი, ფიქრობენ:

- რატომ ისინიც ჩვენსავით არ იღვწიან? რატომ ჩვენდენი არ იტვირ-თეს? ეს რანაირი ღვთისმოსაობაა? რისთვის დაიმსახურეს მართალთა სახელი? და ა. შ.

   მცდარია ამგვარი განსჯა, ძმანო, რადგანაც მხოლოდ ხილული ღვაწლით როდი ვაამებთ უფალს, არამედ უფრო მისდამი მიმართული ჩვენი შინაგანი განწყობით. თანაც არ შეიძლება, რომ ყველას ერთნაირი ღვაწლი მოვთხოვოთ, იმიტომ, რომ ტვირთის სატარებლად ყველას ერთნაირი ძალა, ნიჭი და საშუალება არა აქვს მიმადლებული. დაბოლოს, ამ შემთხვევაში აღზრდა და საზოგა-დოებრივი მდგომარეობაც ბევრს ნიშნავს.

   ოდესღაც რომის იმპერატორის ერთ - ერთმა პირველმა დიდებულ-თაგანმა დატოვა სოფელი უფლის გულისათვის და ერთადერთ შემორჩენილ მონასთან ერთად ეგვიპტის უდაბნოს სავანეში დაემკვიდრა. თავისი ბერული ცხოვრების 25 წლის მანძილზე მან თავისი ღვთისმოსაობისათვის ეგვიპტელი მამებისაგან განსაკუთ-რებული პატივისცემა დაიმსახურა. ერთ - ერთმა მათგანმა მოისურვა, პირადად გასცნობოდა მოღვაწეს და მისგან სულიერი სარგებელი მიეღო. ერთხელაც, ესტუმრა და მასპინძელსაც და მის სენაკსაც ცნობისმოყვარეობით დაუწყო თვალიერება. და რა იხილა? რბილ ტანსაცმელში გამოწყობილი, ფეხთშემოსილი ბერი, სენაკში კი - სასთუმლიანი, ტყავწაფარებული ლოგინი. ამის დამნახავი სტუმარი განკითხვაში ჩავარდა. ამ ყველაფერს კი ზედ ისიც დაერთო, რომ მასპინძელმა განკარგულება გასცა, ცხელი სადილი და ღვინო მოერთმიათ. ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მეტად აცდუნა სტუმარი და დაღონებულმა, ისე, რომ ვერანაირი სულიერი სარგებელი ვერ მიიღო, სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. მაგრამ, გამჭრიახი ბერი, დიდკაცადყოფილი, მიუხვდა და მისი შეგონების მსურველმა, მსახურის პირით უაკნვე მოუხმო.

- მამაო, - ჰკითხა მან სტუმარს - სადაური ხარ?

- ეგვიპტელი, - მიუგო მან.

- რომელი ქალაქიდან? - ისევ დაინტერესდა მასპინძელი.

- მე ერთი უბრალო გლეხი ვარ, სოფლად ვცხოვრობდი, - უპასუხა სტუმარმა.

- სად გეძინა და როგორ საწოლში?

- პირდაპირ მიწაზე ვიძინებდი, საწოლი არცა მქონია, - პასუხობდა მოსული.

- რანაირ საჭმელს მიირთმევდი, ან ღვინო თუ გიგემნია როდესმე? - გამოჰკითხავდა ბერი.

- მხოლოდ ხმელა პურს გეახლებოდით და ზედაც წყალს ვაყოლებდი.

- აბანოში თუ ყოფილხარ?

- მდინარე იყო ჩემი აბანო, - პასუხობდა ეგვიპტელი.

   ამგვარი გამოკითხვის შემდეგ ყოფილმა დიდებულმა ბერს უთხრა:

- შენი ამბავი გასაგებია, ახლა ჩემი ისმინე. წარმოშობით რომიდანა ვარ და მეფის მრჩეველი ვიყავი.

   სტუმარი დიდი ყურადღებით უსმენდა.

 - და აი, უფლის გამო დავტოვე სოფელიც, სიმდიდრეცა და დიდებაც და ამ უდაბნოში დავემკვიდრე. რომში დიდებულ სახლში ვცხოვ-რობდი და უზარმაზარი ქონებაც გამაჩნდა. ახლა კი, როგორც ხედავ, ამ საცოდავ ქოხსა ვარ შეფარებული. საძინებელში ძვირფასი ქსოვილებით დაფარული ოქროს საწოლი მედგა, ახლა კი ეს საცოდავი, ტყავგადაფარებული ლოგინი მიგდია. საუკეთესო ტანსაცმელი მეცვა, ახლა კი მხოლოდ ეს ერთი გაცვეთილი სამოსი შემომრჩა, სადილად ათასნაირ ხორაგეულს მომართმევდნენ ხოლმე, ახლა კი მხოლოდ უბადრუკ მწვანილეულს გეახლები და ზედაც სნეულების გამო ერთ პატარა ჭიქა ღვინოს ვაყოლებ. რომში უამრავი მონა მყავდა, ახლა კი, უფლის წყალობით, ეს ერთი ბერიკაციღა შემომრჩა, რომ მემსახუროს. მუსიკასაც მუდამ ვუსმენდი, ჩემს სმენას საყვირნი, ბობღანნი და ბარბითნი ატკბობდნენ. ახლა კი მხოლოდ თორმეტ ფსალმუნს ვგალობ. ასე, რომ ჩემს გამო, განკითხვაში ნუ ჩავარდები.

   მაშინ ეგვიპტელმა ბერმა შესძახა:

- ვაი, მე, რომ განგიკითხე! მე აქ, ამ სავანეში ჩემი უწინდელი ცხოვრების საშინელი სიდუხჭირიდანა ვარ მოსული, შენ კი - დიდებული განსასვენებლიდან - ამ სიღატაკეში, უდიდესი პატივისა და აურაცხელი ფუფუნებიდან - მორჩილებასა და უპოვარებაში!

   ამ სიტყვებით მან, უკვე სულიერი სარგებლით აღვსილმა, დატოვა ბერი. შემდგომში ისინი დამეგობრდნენ და ეგვიპტელი ხშირად სტუმრობდა მასთან.

  როგორ გგონიათ, ახლა, ძმანო, ამ ორიდან უფლისათვის თავგან-წირვის ღვაწლი რომელმა უფრო მეტად გამოავლინა, დიდებუ-ლადყოფილმა ბერმა, თუ მისმა სტუმარმა? რაღა თქმა უნდა, პირველმა. მან ჭვრეტის ნიჭიც მიიღო და სულიწმინდითაც იყო აღვსილი, როგორც მისი ცხოვრების აღმწერი ამბობს. მაგრამ ის ხომ რბილ შესამოსელს ატარებდა, ტყავგადაფარებული ლოგინიც ჰქონდა და ხანდახან ღვინოსაც კი მიირთმევდა. მისი სტუმარი ბერი კი მცენარეთა ფესვების გარდა თითქმის არაფერს ჭამდა და ლოგინი და ფეხთსამოსი საერთოდ არ გააჩნდა. რა უნდა დავასკვნათ აქედან? ის, რომ ჩვენ ყველამ საკუთარ თავს უნდა მივხედოთ და სხვანი არ უნდა განვიკითხოთ. შენი საქმეებით სხვებთან ნუ იყოყოჩებ, სჯობს, შენს თავში ესა თუ ის ნაკლი ეძიო და ჩვევად მორჩილება გაიხადო. და კიდევ - გახსოვდეს, რომ ყველას სხვადასხვა ნიჭი ეძლევა, თავის ძალების შესაბამისად და იმასაც ნუ დაივიწყებ, რომ ღმერთი ადამიანს მხოლოდ ხილული მოქმედებების მიხედვით კი არ განსჯის, არამედ, ჩვენგან დაფარული შინაგანი გრძნობებითა და საიდუმლო ღვაწლით. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი 1.



უკან დაბრუნება