მთავარი > საცდურები > კონტრკულტურა
კონტრკულტურა3-08-2012, 22:47 |
სხვადასხვა ქვეყნებსა და ეპოქებში ცხოვრების ძირითადი სტილის გასწვრივ ყოველთვის იკვეთებოდა გაბატონებულის საპირისპირო და კონტრასტული ნაკადი. ეს ყველაზე მძაფრად მე-20 საუკუნეში გამოვლინდა.
კონტრკულტურა გამეფებული კულტურისაგან სრულიად განსხვავებული სუბკულტურაა, რომელიც აშკარად უცხადებს გამოწვევას გაბატონებულს.
უკიდურესი და თანმიმდევრული ფორმით წარმოჩნდა კონტრკულტურა 60-იანი წლების აშშ-ში. ეს იყო იყო ჰიპების მოძრაობა. ფულის კულტისა და მატერიალური კეთილდღეობის ფონზე ჰიპებმა წინ წამოსწიეს `უბრალოების~ კულტი. მათ ასე ესმოდათ: უნდა განსხვავდებოდე აღიარებული ფასეულობების მატარებელთაგან, იცხოვრო ისე, როგორც გეცხოვრება, გარშემომყოფთ ყურადღებას ნუ მიაქცევ და მისთანები. ფასეულობათა ამგვარმა გადატრიალებამ მომხმარებლის სტილის რევოლუცია გამოიწვია. ჯინსი, ჩვეულებრივი ამერიკული სამუშაო სამოსი, შეძლებული სტუდენტების ყოველდღიურ, ზოგჯერ გამოსასვლელ ჩასაცმელადაც იქცა. ჰიპები იცვამდნენ არა მარტო ახალ, არამედ გახეხილ, ნახვრეტებიან ჯინსებსაც. მათი მიბაძვით დაიწყეს მამაკაცებმა გრძელი თმით სიარული. მოდაში შემოვიდა უხეში, სამუშაო, ჯარისკაცული ჩექმები. პირველად, ცივილიზებული დასავლეთის ისტორიაში, მუხლები გაიშიშვლეს ქალებმა _ მათ ჩაიცვეს შოკისმომგვრელი მინი `იუბკები~. მოხდა მანამდე წარმოუდგენელი რამ: ქუჩებში გამოჩნდნენ შარვლიანი ქალები. ისინი თამამად მიმოდიოდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მოდური შეიქმნა ისეთი მუსიკა, რომელიც ყურს ჭრიდა უფროს თაობას. კონტრკულტურის კიდევ ერთ გამოვლინებად იქცა `სექსუალური რევოლუცია~, რომელმაც მოხსნა საუკუნოვანი ტაბუ ორი სქესის ურთიერთობას. ამ დროიდან ერთმანეთს გადახვეული ქალ-ვაჟის სიარული, კოცნა შუა ქუჩაში, ქორწინების მიღმიერი კავშირები ჩვეულებრივი რამ გახდა.
ბიზნესი სიხარულით შეეგება კონტრკულტურას და შესაბამისი საქონლის წარმოებით ბანი მისცა მას. ჯინსების, როკფირფიტებისა და ჰიპებისათვის სასურველი სხვადასხვა საგნების წარმოებას ზღვა მოგება მოჰქონდა. კონტრკულტურის ელემენტები გაბატონებულ კულტურაშიც მოკალათდა. ჩვეულებრივ აღიქმებოდა ჯინსებში გამოწყობილი ბანკირი და პრეზიდენტიც კი.
სამწუხაროდ, კონტრკულტურის ნიშნები პოპულარული გახდა ჩვენს ქვეყანაშიც. ახლა ჩვენშიც არავის უკვირს უზნეო ჩაცმა-დახურვა, მოქმედება, ცხოვრების წესი, როკ-პოპ-მუსიკა, ქორწინების მიღმიერი ურთიერთობანი და სხვა ამგვარი სენი _ მოდა.
უკან დაბრუნება |