მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > როგორ უნდა მოიქცნენ მდიდრები, რათა ცხონდნენ
როგორ უნდა მოიქცნენ მდიდრები, რათა ცხონდნენ8-02-2014, 07:03 |
წმ. ეფრემის სიტყვა მდიდრებისადმი, მოწყალების შესახებ
წმ. გრიგოლ ნაზიანელი ამბობს: „ვინც საკუთარ სიმდიდრეს ცუდ - უბრალოდ ფლანგავს, საცოდავია, ისევე, როგორც ის მეომარი, რომელიც მტრისათვის გამზადებული მახვილით საკუთარ თავს აყენებს ჭრილობას. თუ შენ მდიდარი ხარ და ცხონება გსურს, შენს სულს სიმდიდრეს ისე ნუ დაუმონებ, რომ ღმერთიც დაგავიწყდეს, კანონიც ფეხქვეშ გათელო და სინდისიც დაიდუმო, არამედ უფრო და უფრო მეტი ძალისხმევით ეცადე, შენი საქმეებით განადიდო ის, ვინც ეს სიმდიდრე მოგანიჭა. როგორ უნდა გავიგოთ ეს სიტყვები? წმ. ეფრემი მდიდრებს ასე არიგებს: „სიმდიდრე, რომელიც ღმერთმა მოგცა, მოყვასის სასარგებლოდ მოიხმარე და ნუ დამალავ. თუ გინდა, რომ შენს ცხოვრებაში არ იყოს დარდი, გონებით მუდამ ქრსიტესთან იყავი, მისი გულისათვის შენი ქონება გლახაკებს მოახმარე და ჭმუნვის გარეშე იცხოვრე. თუ ასე მოიქცევი, უფლის წყალობა ამქვეყნადაც არ მოგაკლდება. მაშინ, თუკი უფალს სთხოვ - „შენი წყალობისაებრ მიხსენი მე," ის მოგიგებს: „შენი წყალობისაებრ გიხსნი შენ!" ნუ იტყვი: „ჩემი მამული" არამედ სთქვი: „მამული, როგორც მოურავს, უფალმა მცირე ხნით მანდო." და ისე მართე, როგორც პატრონი ბრძანებს. თუკი ეს მამული უფალმა მოგანიჭა, მისი სურვილის მიხედვით უნდა გამოიყენო. არ არის საჭირო, შენს ოჯახზე გადაჭარბებით ზრუნავდე, ცოლ - შვილი უფალს მიანდე - მთელი სამყაროს სიმდიდრე ხომ მის ხელთაა. სჯობს, მათი თავი ღმერთს შეავედრო. ცხოვრებაში ყველაზე მეტად სულზე იზრუნე, რადგანაც ერთადერთი გაქვს და სიცოცხლეც მხოლოდ ერთი მოგეცა სულის გადასარჩენად. სიკვდილი ყველასთან ერთნაირად მოვა. შენი ცოდვები იგლოვე და უფალს პატიება სთხოვე, რომ ეშმაკთა ხელიდან დაგიხსნას და თავის სასუფეველში შეგიყვანოს. ამისთვის კი ფასი ამქვეყნად უნდა გაიღო, თუკი მართლაც შეგვიძლია, რომ ამქვეყნიური სიმდიდრით შევწვდეთ, რამეთუ ზეციური იერუსალიმის ნაგებობათაგან ყველაზე მცირე მთელი მსოფლიოს სიმდიდრეს გადასწონის; და გახსოვდეს: მოწყალების ღირსება გაცემულის რაოდენობით კი არა, გამცემის გულის მოძრაობით ფასდება..." ვფიქრობთ, ეფრემის სიტყვა საკმაოდ კარგად განმარტავს გრიგოლის შეგონებას: „თუ მდიდარი ხარ და ცხონება გსურს, სულს სიმდიდრეს იმგვარად ნუ დაუმონებ, რომ უფალიც დაივიწყო, კანონსაც გადააბიჯო და სინდისიც მიაჩუმო, არამედ უფრო და უფრო მეტად შეეცადე, ამ სიმდიდრის მომნიჭებელი შენი საქმეებით განადიდო." დიახ, რასაც გრიგოლი ამბობს, იგივეს გვეუბნედა ეფრემიც, ოღონდ უფრო ფართო გაგებით. ე. ი. ორივეს შეგონების მიხედვით, ზემოთმოყვანილი სიტყვები მთლიანობაში ასე უნდა გავიგოთ: „თუ მდიდარი ხარ, უპოვართათვის შენს სიმდიდრეს ნუ დაიშურებ, მოწყალების გაღების დროს სინდისთან დათმობაზე ნუ წახვალ, არამედ შეეცადე, შენი სიმდიდრით მისი მომნიჭებელი განადიდო." კიდევ რა შეიძლება დავუმატოთ და რით დავასრულოთ ჩვენი სიტყვა? ალბათ, ისევ წმ. გრიგოლის სიტყვებით: „ჭეშმარიტი სიმდიდრე ისაა, რომლითაც სათნოებას შევიძენთ. ასე, რომ, ძმანო ჩემნო, - გვეუბნება იგი - თუ მდიდრები ხართ, ჭეშმარიტი სიმდიდრე შეიყვარეთ, თუ ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ამაღლება გსურთ, ზეციურ სამეფოსკენ ისწრაფეთ, თუ საკუთარი ღირსების განდიდება გსურთ, ანგელოზთა დასთან შეერთებას ესწრაფეთ." ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.
უკან დაბრუნება |