მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ახალბედა ბერებს

ახალბედა ბერებს


5-02-2014, 00:01

ახალბედა ბერებს

 

 

 

წმ. ეფრემის შეგონება ბერების მოღვაწეობის შესახებ

 

   დღეს ჩვენ განვიზრახავთ ბერების სულიერ შეწევნას, რადგანაც ისინი გამუდმებულ ბრძოლას ეწევიან ხორცის, სოფლისა და ეშმაკის წინააღმდეგ და თანადგომას განსაკუთრებულად საჭიროებენ. მაგრამ რადგანაც ბერთაგან ყველაზე გამოცდილთ ნაკლებად სჭირდებათ ამგვარი შეწევნა, ხოლო ახალბედებს - მეტად, ჩვენც სიტყვიერ დახმარებას მათკენ მივმართავთ და ჩვენი ღირსი მამის, ეფრემ ასურის შემდეგი სიტყვებით გამოვხატავთ:

   ვიდრე ჯერ კიდევ გაქვს დრო, ძმაო ჩემო, - ეუბნება ღირსი მამა დამწყებ ბერს - იღვაწე, როგორც ქრისტეს კეთილმა მხედარმა, და იცოდე, რომ ხრწნადი გვირგვინისათვის კი არ ცდილობ, არამედ ცოდვათაგან განწმენდისა და მარადიული სიცოცხლისათვის. ამიტომაც ყველა შენს საქმეში ბრძნული თავმდაბლობა მოიპოვე, იგია მორჩილების დედა. განაგდე შენგან ორგულობა და რწმენა შეიმოსე, რათა შენი მოშურნეობის მხილველმა უფალმა საქმეში გაგაძლიეროს. მთელი გულით შეიძულე სიზარმაცე, მეტოქეობა, ყოველგვარი უზნეობა და შური, შენ ხომ უფლისათვის ღვიძლი მშობლები, მეგობრები და მამული დასთმე, რადგანაც თუკი გულისთქმამ თავიდანვე დაგასუსტა, აუცილებლად დაგქანცავს და, დაგაზიანებს. ასე რომ, ჩვენ უფლისათვის კიდეც რომ დავიქანცოთ, იმდენად, რომ ჩვენს ძალ - ღონესაც აღემატებოდეს, არ უნდა ვიდრტვინოთ. რამეთუ, ვინც დრტვინავს, ის ამჟღავნებს, რომ თავის ნებით არ შრომობს. შენ, როგორც ბრძენი, ნუ გაეჯიბრები შენს დაუდევარ ძმებს და ნუ შეგშურდება მათი, ვინც სიცოცხლეს ღვთისმოშიშებაში არ ატარებს, დარწმუნებული იყავი, რომ დაცემული დაიღუპება, მძლეველი კი - დაგვირგვინდება. უკიდურეს შემთხვევაში, შენს ძმასთან ნუ იდავებ, რადგანაც არ უწყი, მის სულს თუ რა ვნებები სტანჯავენ და აუძლურებენ. ასეთ ადამიანს მეტი დამშვიდება და თანაგრძნობა სჭირდება ჩვენგან და არა შეურაცხყოფა, როგორც გარეშესაგან.

   შენ კი კეთილი საქმეებით იღვაწე, იმის შეგნებით, თუ რისთვის მოსულხარ ამქვეყნად. შესაფერი დრო ახლა გიდგას იმისათვის, რომ ძმათა მსახურებითა და კეთილ ნაყოფის გამოღებით აურაცხელი სიმდიდრე მოიხვეჭო. ამიტომაც, საყვარელო, თუკი შენ საკუთარ ეზოშიაც კი არ დაიგროვებ სიბინძურეს, ნურც შინაგან ხორციელ გულისთქმებს მისცემ გაძლიერების საშუალებას. ოღონდ, როდესაც სამზადიდან ნაცრის გამოგვას შეუდგები, უდიდესი თავმდაბლობით იქმოდე ამას, გასხოვდეს, რას გვეუბნება წინასწარმეტყველი: (ფსალმ. 101. 10) იფიქრე, საყვარელო, ჩანავლელ ცეცხლზე და გონება იმ მარადიული ცეცხლისკენაც მიმართე, რომელიც ცოდვილებს შთანთქავს და ნურც საკუთარ ცოდვებს დაივიწყებს."

   აი, გამოუცდელო ბერებო, უფლის მსახურებისას თქვენი სულიერი შეწევნა. რაში მდგომარეობს ის? როგორც ხედავთ, ის იმ ჭეშმარიტებას გაწვდით, რომ მონასტერში ცხოვრების დროს თავმდაბლობა უნდა მოიპოვოთ, განაგდოთ ორგულობა, შეიმოსოთ რწმენა, ერიდოთ შურსა და უზნეობას, უძლურებისას არ იდრტვინოთ, დაუდევარ ძმებს თავი აარიდოთ, დაცემულს თანაუგრძოთ, დაამშვიდოთ და არ შეურაცხყოთ, განაგდოთ თქვენგან ხორციელი გულისთქმანი, მუდამ გახსოვდეთ ცოდვილთა მარადიული ტანჯვა და საკუთარ ცოდვებს სტიროდეთ. გულთან ახლოს მიიტანეთ, ბერნო, ეს შეწევნა, ღირსმა მამამ რომ გიძღვნათ და მასში მოცემული რჩევები ცხოვრებაში გამოიყენეთ. მაშინ ის ქმედით დახმარებად გადაგექცევათ: რამეთუ უფლისადმი მსახურების ტვირთის შემსუბუქებით თქვენ ყველაზე უფრო სახელოვანი გამარჯვება გეძლევათ - ეს არის გამარჯვება საკუთარ თავზე, რომელიც თქვენს გონებას მიწიერიდან ზეციერისკენ, მარადიულისა და ღვთაებრივისკენ აამაღლებს, ამ გზით ღმერთთან მიგაახლოებთ და საბოლოოდ, ყოველივე ამის გავლით უფლის ზეციური სამეფოს მემკვიდრეებად დაგადგენთ. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი 1. 


 



უკან დაბრუნება