მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > დიდება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მისი წყალობა ადამიანთა მოდგმის მიმართ

დიდება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მისი წყალობა ადამიანთა მოდგმის მიმართ


2-02-2014, 00:01

დიდება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მისი წყალობა ადამიანთა მოდგმის მიმართ

 

კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსის, წმინდათა შორის მამისა ჩვენისა კირილეს სიტყვა, თქმული უფლის მირქმის დღესასწაულზე

 

   წმ. მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი თავის სახარებაში ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს შესახებ ერთგან ამბობს: (იოან. 1. 14); ამავე სახარების სხვა ადგილას კი თვით უფალი ამბობს თავის თავზე, რომ სოფელი მის მიერ ცხონდება (იოან. 3, 17). როგორ უნდა გავიგოთ ეს? რა არის და რაში მდგომარეობს იესო ქრისტეს დიდება? რას ნიშნავს მისი სიტყვები - სოფელი მის მიერ ცხონდება? სწორედ ამის შესახებ გვექნება საუბარი ამ ქადაგებაში:

   უფლის დიდებისა და მის მიერ ქვეყნის გადარჩენის შესახებ წმ. კირილე, კონსტანტინე - ქალაქის მთავარეპისკოპოსი, ამგვარად უბნობს: „შეიგონეთ ყველა ერმა და დამორჩილდით. იხილეთ და ირწმუნეთ. უფალს ანგელოზნი ადიდებენ, მთავარანგელოზნი თაყვანს სცემენ. მის წინაშე თრთიან უფლებანი, ძალნი, აქებენ, ქერუბიმნი ემსახურებიან, სერაფიმნი აკურთხებენ, მას ადიდებს მთვარეც, მზეც მას ემორჩილება, ვარსკვლავნიც, წყაროებიცა და ზღვანიც მის ნებას აღასრულებენ." ასე ლაპარაკობს წმ. კირილე უფლის დიდებაზე, მის მიერ სამყაროს ხსნის შესახებ კი დასძენს: „მის დანახვაზე ძრწოდა ჯოჯოხეთი და მისი ბჭენი თავისით იხშვებოდნენ, ხოლო სამოთხის კარი განიხვნებოდა, მან - უფალმა სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა, ეშმაკი დაამხო, წყევლა გააცამტვერა, ჭმუნვა სიხარულით შეგვიცვალა, გველის თავი გასრისა, ზღუდე ცასა და მიწას შუა გააპო, ცოდვათა ხელითწერილი დახია, დასწყევლა კერპთა საცდური ყოველი ქმნილი განაახლა, იხსნა ადამი, შეუნდო ევას, ყველა ქვეყნიდან მოუწოდა ხალხს და სამყარო განაახლა."

   ამგვარად უბნობს წმ. კირილე უფლის დიდებისა და მის მიერ სამყაროს ხსნის შესახებ. რას გვეუბნება ამით? ჯერ ერთი, უფლის დიდება იმაში მდგომარეობს, რომ: იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი უფროჲს ყოველთა სახელთაჲსა, რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი, და ყოველმან ენამან აღუაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა (ფილ. 2, 9-11).

   მეორეც, ეს ნიშნავს, რომ უფლის ძემ ადამიანთა მოდგმის წინაშე თავის მსახურებით და განსაკუთრებით თავისი ტანჯვითა და ჯვარცმული სიკვდილით ქვეყანა იხსნა, ე. ი. ცოდვების, მრისხანებისა და წყევის მხუთრი სიწმინდის, სიყვარულისა და ლოცვა - კურთხევის სურნელით შეგვეცვალა, ჯოჯოხეთიდან სამოთხეში აგვამაღლა, წყვდიადი გაგვინათლა, საპყრობილიდან დაგვიხსნა, უცხო ქვეყნიდან მშობელ მხარეში შეგვიძღვა. სწორედ ამაშია მისი დიდებაცა და მის მიერ ქვეყნიერების ხსნაც. რაღა შეგვიძლია დავუმატოთ? ვილოცოთ იმისათვის, რომ მაცხოვარმა ჩვენმა გვასწავლოს, რომ ღირსეულად, დაუდუმებელი გალობითა და დაუცხრომელი ხოტბით ვადიდებდეთ მას, დაე გვაძლიერებდეს იგი ჩვენი ცხონების გზაზე. ამინ.

„სვინაქსარი". ტომი I. 


 



უკან დაბრუნება