მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > განდგომილობიდან მართლმადიდებლობაში მოქცეულთათვის
განდგომილობიდან მართლმადიდებლობაში მოქცეულთათვის31-01-2014, 00:01 |
ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსის, წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკიტა ახლი სასწაულმოქმედის ხსენება
ზოგჯერ, ძმანო, შეგვხვედრია განდგომილებიდან მართლმადი-დებლობაში მოქცეულნი. შეუძლებელი იყო, მათი ნახვისას სიხარული არ დაგუფლებოდა. მაგრამ მათგან ყველანი როდი ხარობენ, ან მცირედ ხარობენ ეკლესიის მხსნელ კიდობანში დაბრუნებას. ერთნი, როგორც ჩანს, ეჭვობენ, კარგად მოიქცნენ თუ არა, მართლმადიდებლებად რომ მოექცნენ; სხვებს კი ეტყობოდათ სიხარული მოქცევის გამო, მაგრამ ამ სიხარულს ამცირებდა მათი ეჭვი და ფიქრები იმის თაობაზე, შეუნდობთ თუ არა უფალი წინანდელ განდგომას. ამ უკანასკნელთ მივმართავთ და ვეტყვით: ნუ დარდობთ, ძმანო! უეჭველია, ღმერთმა შეგინდოთ. ჩვენს მიერ მოთხრობილი ამბავი ამაში დაგარწმუნებთ და ამასთან გაჩვენებთ, რომ უფალი არა მხოლოდ შეუნდობს ცდომიდან გულწრფელად მოქცეულებს, არამედ ზოგჯერ უჩვეულოდ აღამაღლებს და განა-დიდებს მათ. წმინდა ნიკიტა, შემდგომში ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსი, ვინც ჭაბუკობისას კიევში, პეჩორის სავანეში ცხოვრობდა, ერესში ჩავარდა და უარჰყოფდა ღვთის შვილის განკაცებას. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე უარესი? მაგრამ უფალმა არ დაანება ეშმაკს, საბოლოოდ დაეღუპა იგი. ღირს მამათა - იღუმენ ნიკონის და მისი შემცვლელი იოანესი, აგრეთვე პიმენ მმარხველის და სხვა მრავალ ღმერთშემოსილ მამათა ლოცვამ იხსნა ერესში ჩავარდნილი. ლოცვით განდევნეს მათ ნიკიტას მაცდუნებელი დემონი და განდგომილი კვლავ მართლმადიდებლობისკენ მოაქციეს. და რა მოჰყვა ამას? ნეტარმა ნიკიტამ, - ამბობს მისი ცხოვრების აღმწერელი, - რა დაარღვია ეშმაკეული ხიბლი ღვთის შემწეობით და ღირს მამათა ლოცვით, იწყო შრომა თავშეკავების, მორჩილებისა და უდიდესი თავმდაბლობის ღვაწლში, ღვთივსულიერი წიგნების კითხვასა და მხოლოდ ღვთიურ საგნებზე ფიქრში. შემდეგ ღვთისათვის სათნო ცხოვრების გამო დიდქალაქ ნოვგოროდის ეპისკოპოსად დაადგინეს და მისი ეს მსახურება მრევლისათვის უდიდესი სარგებლის მიმცემი გახლდათ. გარდა ამისა, სასწაულთა ქმნის ძალა მიენიჭა." ამის შემდეგ, ძმანო, რაღად უნდა ეჭვობდეთ, შეგინდობთ თუ არა ღმერთი წარსულში ეკლესიიდან განდგომას? იხილეთ, რაოდენ კეთილი და მოწყალეა უფალი მისკენ შემობრუნებულთა მიმართ! გაიხსენეთ მოქცეულთადმი ღვთის გულმოწყალების სხვა მაგა-ლითებიც. იგი უფლის სამგზის უარმყოფელ, მაგრამ შემდეგ მოქცეულ პეტრეს თავისი სასუფევლის კლიტეებს აბარებს; სავლე ღვთისმდევნელსაც თავის უმაღლეს მოციქულად ადგენს; ძე შეცდომილსაც იღებს, მეზვერესაც შეიწყნარებს, ავაზაკსაც სამოთხის კარს უხსნის და მეათერთმეტე ჟამის მუშაკსაც საზღაურს აძლევს. ყველა მოციქულს იღებს, ყველას შეუნდობს და თან ხარობს. ჩემ თანა გიხაროდენ, ამბობს იგი, რამეთუ ვპოვე ცხოვარი ჩემი წარწყმედული (ლუკ. 15, 6). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.
უკან დაბრუნება |