მთავარი > საცდურები > კულტურა
კულტურა3-08-2012, 22:46 |
უამრავ ადამიანს ჰგონია, რომ მან თვითონ აირჩია ცხოვრების მიზნები, მოხმარების ფორმები. ეს მხოლოდ ილუზიაა. ცალკეულ ქვეყნებსა თუ ეპოქებში სხვადასხვა კულტურული ფენის ადამიანთა ცხოვრების წესი ერთმანეთს რომ შეადაროთ, გაგაოცებთ ერთფეროვანი `თავისუფალი~ არჩევანი.… ამასთან, სხვადასხვა კულტურის ქვეყნებში, სხვადასხვა ეპოქებში, ერთი და იგივე მოთხოვნილება სხვადასხვა ფორმით კმაყოფილდებოდა. მიზეზი ის გახლავთ, რომ კულტურა გარემოა, რომელიც ჩვენი მოქმედების ვარიანტთა არჩევანს განაპირობებს.
კულტურა მყარი ფასეულობების ერთობაა, რომელიც ლიტერატურის, ხელოვნებისა და ადამიანთა სულიერი ცხოვრების სხვა დარგების მონაპოვართა მეშვეობით თაობიდან თაობას გადაეცემა. მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნებისა და ეპოქების კულტურათა შედარება ცხადყოფს ჭეშმარიტებას: მოხმარების ფორმები, თავისთავად წარმოქმნილი რომ გვგონია, ცალკეულ ქვეყანასა თუ ეპოქაში, ყოვლად მიუღებელი, აბსურდულიც კია, სხვა ქვეყანასა და სხვა ეპოქაში.
კულტურას ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე სწავლობს, ეუფლება. ათვისების პროცესს სოციალიზაცია ეწოდება. `კულტურული ადამიანი~ ისაა, ვინც აითვისა, შეისისხლხორცა ნორმები, ფასეულობები, ენა თავისი კულტურისა. ადამიანი მთელი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე გადის სოციალიზაციას. მოზრდილ ასაკში კი ნელ-ნელა იწყებს სხვადასხვა კულტურების ათვისების პროცესს.
დღეს სოციალიზაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალება. ტელევიზიის გამოჩენის დღიდან მისი მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა. მრავალ ოჯახში ბავშვი სწორედ ტელევიზორის საშუალებით ეცნობა მოხმარების ძირითად ფორმებს. ტელევიზია ფილმების, სპორტული თამაშების, თოქ-შოუების მეშვეობით მაყურებელს თავს ახვევს უცხო კულტურას. ადამიანს ეკრანზე შეუძლია იხილოს სამოსის, საკვების, სასმელის და ა.შ. უამრავი ნიმუში. რაც შეეხება რეკლამას, ის პირდაპირ და აგრესიულად ზემოქმედებს მომხმარებლის კულტურაზე. უკან დაბრუნება |