მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მარხვა, მთავარი გვედის ფოტო > მრევლს - მარხვის დასაწყისისას მონანიების შესახებ (წმინდა ეფრემის სიტყვა მონანიების შესახებ)

მრევლს - მარხვის დასაწყისისას მონანიების შესახებ (წმინდა ეფრემის სიტყვა მონანიების შესახებ)


1-04-2024, 09:30

მრევლს - მარხვის დასაწყისისას მონანიების შესახებ (წმინდა ეფრემის სიტყვა მონანიების შესახებ)

 

 

წმინდა ეფრემის სიტყვა მონანიების შესახებ

 

   მალე, ძმანო, წმინდა მარხვა დაგვიდგება და ამიტომ ახლა აღსარებისა და ზიარებისთვის მომზადებაზე უნდა იზრუნოთ. ეს საქმე, ჩვენი აზრით, არაა თქვენთვის იოლი. ამიტომ ჩვენ, როგორც ეკლესიის მწყემსნი, უნდა ვზრუნავდეთ, რომ თქვენ რაც შეიძლება უკეთ მოემზადოთ მონანიებისა და ზიარების დიდ საიდუმლოთათვის. ჩვენც ვზრუნავთ. მაგრამ რაკი ერთბაშად ყველაფერს ვერ იტყვი, დღეს მხოლოდ სინანულის საიდუმლოზე გესაუბრებით. როგორ უნდა მოვემზადოთ მისთვის? ღირსი ეფრემ ასური ამბობს: „მეგობარო! განიწმინდე სული და ხორცი და შეუდექ მაცხოვარს, შენს განმკურნეს. აღსდექ და ნუ დაიზარებ მასთან მისვლას. აღივსე მორჩილებით და მოწიწებით, იმარხულე და შეინანე შენი ცოდვები... მიჰბაძე დიაცს, ვინც ცრემლით განუბანა და თმით შეუმშრალა ფეხები მაცხოვარს. მიჰბაძე მას, დაიცხრე ამპარტავნება და გადარჩები. მოუნანიებლობის გრძნობა სოდომისა და გომორის მაგალითით დაამარცხე შენში. იმისათვის, რათა გულწრფელად მონანიებას შეუდგე, მიჰხედე ნინეველებს. ისინი დასაღუპად იყვნენ განწირულნი, მაგრამ, რაკიღა შეინანეს, შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა, და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ, და აღარ უყო (იონ. 3, 10)... გახსოვდეს, რომ უფალი მუდამ მზადაა წყალობისა და კურნებისათვის. გეხმარება და ცდილობს, დაგიხსნას. მთხოვნელს აძლევს, მრეკველს განუღებს. მის მვედრებელთ პატიებას სძღვნის, მთხოვნელს - წყალობას, მის მძებნელს წინ ხვდება, იბრალებს დაცემულთ და დახმარების ხელს უწვდის მათ." ამგვარად, ეფრემ ასურის სიტყვით, აი, როგორ უნდა საკუთარ თავს მომზადება სინანულის საიდუმლოსათვის. ქრისტიანმა უნდა განიწმინდოს სული და სხეული ყოველგვარი ჭუჭყისაგან; სულში მორჩილების, ცოდვათა გამო შემუსვრილებისა და სინანულის გრძნობა უნდა განიმტკიცოს და ახსოვდეს, რომ განუზომელია უფლის გულმოწყალება და ქრისტეს ღვაწლთა საფასური. და მართლაც ასე უნდა იყოს, ძმანო! წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად (მათ. 9, 13). რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ - შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ (იოან. 3, 16). ისწრაფეთ ცხოველმყოფელი წყაროსკენ! განკურნეთ თქვენი სულიერი წყლულები. იჩქარეთ, ნუ გადაავადებთ განუსაზღვრელი დროით სულის განწმენდას მონანიებით და შეეცადეთ, გამოიყენოთ ამისათვის შესაფერისი ჟამი, ახლა რომ დგება. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


 

 



უკან დაბრუნება