მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > როგორ მოვიქცეთ, როდესაც მტრები აღიძვრიან ჩვენს წინააღმდეგ
როგორ მოვიქცეთ, როდესაც მტრები აღიძვრიან ჩვენს წინააღმდეგ27-01-2014, 00:01 |
წმინდანთა თანა მყოფი მამის, კონსტანტინე ქალაქის ეპისკოპოსის, იოანე ოქროპირის ნაწილთა გადმოსვენება. მისი წერილი კირიაკე ეპისკოპოსის მიმართ
როდესაც მტრები ბოროტებას მოგვკერძებენ, მაშინ ჩვენ, ნაცვლად იმისა, რომ მოვიქცეთ ღვთის მცნების თანახმად:გიყუარდეთ მტერნი თქუენნი (ლუკ. 6, 34) და მოთმინებით აღვიჭურვოთ, მწუხარებას და სევდას მივეცემით, ვიბოღმებით ჩვენს მტრებზე და ვლანძღავთ მათ, და ხშირად ამ დროს გული გვეფლითება ბრაზითა და შფოთით. არ უნდა ვიქცეოდეთ, ძმანო, ამგვარად, რადგანაც ცეცხლს ნავთით ვერ ჩავაქრობთ. მაგრამ იტყვით, რა ვქნათო? ხოტბას ხომ არ შევასხამთ ჩვენს მტრებს, ვინც ამდენი ბოროტება გაგვიკეთეს? ხომ არ გავიხარებთ ტანჯვით, მათ რომ მოგვკერძეს? ხომ ვერ დავმშვიდდებით? ჯერჯერობით გვერდით გადავდოთ პირველი ორი შეკითხვა, მესამეზე კი შემდეგ პასუხს მოგიგებთ: იოანე ოქროპირმა ოდესღაც, განდევნილი რომ იყო ცარგრადიდან, სანუგეშო უსტარი მისწერა თავის მეგობარს, კირიაკე ეპისკოპოსს, აგრეთვე განდევნილს. იგი წერდა: „ნუ იდარდებ ბევრს, ძმაო კირიაკე, არამედ მე მომბაძე. როდესაც ცარგრადიდან გამდევნეს, ეს დიდად არაფრად ჩამიგდია, არამედ ვეუბნებოდი თავს: თუკი ჩემი განდევნა სურთ, შუაზე გამკვეთონ, დაე, გამკვეთონ: მაშინ მე ესაია წეინასწარმეტყველს ვემსგავსები. თუკი ზღვის ჯურღმულში დამიპირებენ ჩანთქმას, მაშინ იონას გავიხსენებ. თუკი ხაროში ჩამაგდებენ, მაშინ თვალწინ დავიყენებ დანიელს, ლომების ხაროში ჩაგდებულს. თუკი ჩამქოლავენ, მაშინ სულში გამოვიხმობ პირველმოწამე არქიდიაკონის სტეფანეს სახებას. თუკი თავს მომკვეთენ, იოანე ნათლისმცემელი წარმომიდგება. თუკი ქონების წართმევას მოინდომებენ, იობს დავემგვანები. შიშუელი გამოვედი დედის მუცლიდან, ამბობდა იგი, და შიშუელი წავალ. ამგვარად, გევედრები, ძმაო, განიშორე გლოვა და სინანული და მოგვიხსენე ღვთის წინაშე." გულისხმაჰყავით, ძმანო, პასუხი თქვენს კითხავზე: შესაძლებელია თუ არა დავმშვიდდეთ, როდესაც მტრები გდევნიან? როგორც ხედავთ, გიპასუხეთ, რომ შესაძლოა, და ვგონებთ, ამის უტყუარი დასტურიც მოვიყვანეთ წმინდა ოქროპირის მაგალითის მოხმობით. ვინ, თუ არა წმინდა ოქროპირი, იყო ღვთისმოსავი? განა არ იყო იგი ენამჭევრი? არ იყო განა დიდი? ან კეთილი? მაგრამ როგორც გესმათ, მასაც ჰყავდა მტრები, ვინც სდევნიდნენ. მერედა სწუხდა იგი განდევნის ჟამს? არა, „ამას არად აგდებდა", როგორც თავად ამბობს. ამგვარად, ძმანო, თქვენც ძალგიძთ დამშვიდება. მიბაძეთ წმინდა ოქროპირს, დევნისას იფიქრეთ იმგვარად, როგორც იგი ფიქრობდა, და ყოველივე კარგად იქნება. მაშინ დაშოშმინდება თქვენი სული, დაცხრება გულის მღელვარება და განელდება ცრემლიანი მწუხარება, ვით მზის მცხუნვარება ნელდება გაწვიმებისას. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.
უკან დაბრუნება |