მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > საიდან მოვიდა ჩვენამდე სახალხო უბედურებათა დროს ჯვრით ლიტანიის აღსრულების ჩვეულება

საიდან მოვიდა ჩვენამდე სახალხო უბედურებათა დროს ჯვრით ლიტანიის აღსრულების ჩვეულება


26-01-2014, 00:01

საიდან მოვიდა ჩვენამდე სახალხო უბედურებათა დროს ჯვრით ლიტანიის აღსრულების ჩვეულება

 

 

დიდი მიწისძვრის ხსენება

 

   როდესაც რამე საერთო უბედურება გვატყდება თავს, მაგალითად, გვალვა ან ავდარი, ან სეტყვა აჩანაგებს ყანებს - ღვთის დაშვებით, ან ხანძარი ჩნდება, ან წყალდიდობა, ან რამე სხვა ჭირი - მაშინ, ჩვეულებრივ, გამოვაბრძანებთ ეკლესიიდან წმინდა ხატებს, გამოვა-სვენებთ პატიოსან ჯვრებსა და დროშებს და მათთან ერთად ვაწყობთ ჯვრით ლიტანიას ჩვენი სოფლების, ყანებისა და ბაღების გარშემო და უფალს შევთხოვთ, შეგვიწყალოს. უწყით, ძმანო, საიდან გვაქვს ეს ჩვეულება და ვინ გადმოგვცა იგი? თუკი არ იცით, მე მოგახსენებთ.

   ჯვრით მსვლელობის წეს - ჩვეულება ჩვენთან გადმოვიდა საბერძ-ნეთიდან, საიდანაც მივიღეთ მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოება. ამის დამტკიცება შეიძლება იმით, რომ საბერძნეთში ჯვრით მსვლელობებს სახალხო უბედურებათა დროს ჯერ კიდევ უძველეს დროში აწყობდნენ. მაგალითად, ცარგრადში, იმპერატორ თეოდოსი უმცროსის გარდაცვალების შემდეგ, ერთ კვირადღეს მოხდა მიწისძვრა, რომელიც სამი თვის მანძილზე მეორდებოდა ხოლმე. ამ დროის განმავლობაში ქალაქის გალავანი დაიქცა, მარავალი სახლი გასწორდა მიწასთან და მრავალი სამამულო ძეგლიც დაიღუპა. ამ უბედურების დღეებში მეფე ხალხთან ერთად აწყობდა ჯვრით მსვლელობებს და თვალცრემლიანი შეჰღაღადებდა ზეცას:

   - დაგვხსენი, უფალო, შენს მართალ რისხვას, რომლის მიზეზიც ჩვენი ცოდვებია, რამეთუ ვინანიებთ. შესძარი მიწა და შეგვაშფოთე ჩვენი ურჯულოების გამო; შენ ერთს გადიდებთ, უფალო, კეთილ და კაცთმოყვარე ღმერთს ჩვენსას.

   ცარგრადში სახალხო უბედურების დროს მოწყობილ კიდევ სხვა ჯვრით მსვლელობას ახსენებს საეკლესიო მწერალი გიორგი კედრინი. იგი მოგვითხრობს: „ჩამოწვა გვალვა და ექვსი თვის მანძილზე საერთოდ არ გაწვიმებულა. მაშინ იმპერატორის ძმებმა მოაწყვეს ჯვრით მსვლელობა, რომლის დროსაც იოანეს მოჰქონდა ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის წმინდა ტილო, ერთ თავადთაგანს - ქრისტეს წერილი ავგაროზისადმი, მეორეს - ქრისტეს წმინდა სახვევები, და მიდიოდნენ ისინი დიდი პალატიდან ვლაქერნის წმინდა ღვთის-მშობლის ტაძარში; პატრიარქი კი ღვთისმსახურებთან ერთად მეორე მსვლელობას აღასრულებდა." აი, ამგვარად, ჯერ კიდევ ძველ დროში ეწყობოდა ჯვრით მსვლელობები, რომლებიც, უეჭველია, ჩვენი ჯვრით მსვლელობების მაგალითი, ან ნიმუში გახლდათ.

   ახლა იცით, ძმანო, საიდან დაედო დასაბამი ჩვენს ჯვრით მსვლელობებს და საიდან მოდის მათი აღსრულების ჩვეულება. ისღა დამრჩენია, შეგონება შემოგთავაზოთ ნათქვამის ბოლოს. რას გე-ტყვით თქვენ? ერთს იმას, გახსოვდეთ, რომ ჯვრით მსვლელობები არ ეწყობა მხოლოდ იმისათვის, რომ იკურთხოს ადამიანები და სხვაც ყველაფერი, რაც მათ საცხოვრებლად სჭირდებათ, ანუ: სახლები, გზები, წყლები, ჰაერი და თავად მიწაც, ცოდვილთა ფეხით გაქელილი და შებილწული. ყოველივე ეს ხდება იმისათვის, რომ დასახლებული ქალაქები და სოფლები და მთელი ქვეყანა ეზიაროს ღვთიურ მადლს და „განაგდონ ყოველივე დამღუპველი და გამხრწნელი." მეორეც: ნუ დაივიწყებთ, რომ სახალხო უბედურებათა დროს გამორჩევით მხურვალედ უნდა ვილოცოთ: ჰოი, რომელი მოწყალე ხარ და სახიერი, მიაქციე ყოველივე რისხვა შენი და განგვათავისუფლე შენი სამართლიანი რისხვისგან და შეგვიწყალე ჩვენ. ამინ.

„სვინაქსარი". ტომი I. 




უკან დაბრუნება