მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > უსახლკაროთა შეფარებაზე

უსახლკაროთა შეფარებაზე


23-01-2014, 00:02

უსახლკაროთა შეფარებაზე

 

 

რომის პაპის, წმინდა გრიგოლის სიტყვიდან უცხოთა შეფარების შესახებ

 

   როდესაც, ძმანო, ჩვენს მეზობელ მაზრებში მოუსავლიანობაა, მაშინ ზამთრობით ხშირად ჩივით ხოლმე, რომ გლახაკები თავს გაწყენენ ღამისსათევის თხოვნით. ჩივით და ყოველგვარ ხრიკს ხმარობთ, რომ დაუპატიჟებელი სტუმარი ღამით შინიდან მიაბრძანოთ. და ხშირად საბრალო საათობით დგას ხოლმე სასტიკ ყინვაში, ვიდრე ჩაფარი რომელიმე თქვენგანს არ დაიყოლიებს და ღამისსათევ ქოხს არ მიუჩენს. ასე მოქცევა კარგი როდია. ნუ დაივიწყებთ, რომ, ვინც მწირს შეიფარებს და მოასვენებს, მას ვითომცდა თავად ქრისტე შეჰყავს შინ მოსასვენებლად, და რომ გლახაკისათვის ბოძებული თავშესაფრის სამაგიეროდ თავად მარადიულ თავშესაფარში შესვლას ეღირსებიან ხოლმე.

   წმინდა გრიგოლი, რომის პაპი, მოგვითხრობს: ერთ მდიდარ კაცს ჩვეულებად ჰქონდა, ყოველდღე შინ მიეღო მწირნი, აპურებდა მათ და ემსახურებოდა მთელი ოჯახობით. ერთხელაც ნაცნობ მომსვ-ლელთა შორის გამოჩნდა ახალი, მასპინძლისთვის უცნობი მწირი. მასპინძელმა სუფრასთან მიიწვია იგი, თავად კი წყლის მოსატანად წავიდა, რათა, ჩვეულების თანახმად, სტუმრისთვის ხელი დაებანა. დაუყოვნებლივ დაბრუნდა უკან და წყალიც მოიტანა, მაგრამ, მისდა გასაოცრად, ახალმოსული ადგილზე აღარ დახვედრია. კაცი ჰკვირ-ვობდა: რას მოასწავებდა ეს? მაგრამ მალე ყოველივე გაირკვა. იმავე ღამით კაცს უფალი გამოეცხადა და უთხრა:

    - ადრე ჩემს უმცროს ძმებს მასპინძლობდი, გუშინ კი თავად მე მიმიღე. და აი, სამსჯავროზე შენი წარმდგენელი გეტყვის სხვებთან ერთად: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ (მათ. 25, 40). და უწყოდე, რომ მათ, ვინც სამსჯავრომდე შეიფარებდნენ მას მწირთა შეფარებით, სამსჯავროზე იგი წყალობით გამოარჩევს.

   და თქვენც, ძმანო, თქვენც გამოგარჩევთ იგი, მოწყალე, თავისი მოწყალებით, თუკი არა ძალდატანებით, არამედ საკუთარი კეთილი ნებით და ქრისტიანული სიყვარულით თუნდაც დროებით თავ-შესაფარს შევთავაზებთ უსახლკაროებს. ო, რაოდენ გაიხარებენ მწირთა შემფარებელნი, როდესაც ჩაესმებათ ხმა სასურველი: მო-ვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფ-ლისაჲთ (მათ. 25, 34). ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


 

 



უკან დაბრუნება