მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > უფლის სიყვარულის შესახებ
უფლის სიყვარულის შესახებ22-01-2014, 00:01 |
წმინდა ღირსმოწამის ანასტასი სპარსელის ხსნება
მტკიცე, მხურვალე, გასაოცარი სიყვარულით უყვარდათ ღმერთი ჭეშმარიტ ღვთის მონებს. მაგალითად, პავლე მოციქულს სურს „განსვლა და ქრისტეს თანა ყოფა" (ფილ. 1, 23). ღირსმოწამე ანასტასი სპარსელი, ვინც განვლო სათნოებისკენ მიმავალი ყოველი გზა, საბოლოოდ იმგვარი სიყვარულით აღენთო ღვთისადმი, რომ ევედრებოდა, უფალი დახმარებოდა, სისხლითა და წამებით დაესრულებინა ცხოვრება. ხოლო ყველა წმინდანზე შეიძლება ითქვას თითქოსდა მათივე ბაგით: ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან? ვითარცა წერილ არს: რამეთუ შენთჳს მოვწყდებით ჩუენ მარადღე (რომ. 8, 35-36). ღვთის ამგვარი სიყვარული ჰქონდათ გულში უფლის წმინდანებს, და მით მშვენიერი მაგალითი დაგვიტოვეს მისაბაძად. ხომ ჩვენც ისევე უნდა გვიყვარდეს ღმერთი, როგორც მათ უყვარდათ. ჩვენც ხომ მისკენ უნდა მივილტვოდეთ მთელი გულით, მთელი სულით და ჩვენი ყოველი აზრით! ამიტომ ყველას უნდა გვიყვარდეს ღმერთი და ვიქმოდეთ იმას, რასაც მისი ჭეშმარიტი სიყვარული გვკარნახობს. და რით გამოვლინდება მისი ჭეშმარიტი სიყვარული? ერთი, იმით, რომ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით გამოვავლენდეთ ღვთის სიყვარულს. სწორედ ასეთი სიყვარული სურს უფალს ჩვენგან. მაცხოვარი ამბობს: რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე (მუხ. 21). უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს (მუხ. 23). ეს გასაგებიცაა. განა რა სიყვარული იქნება, თუკი ვიტყვით, რომ მიყვარს უფალი, თავად კი ეშმაკის საქმეს აღვასრულებ? და განა რა სიყვარული იქნება, თუკი ვიტყვი, რომ მიყვარს უფალი, და მოწყალების გარეშე დავტოვებ გლახაკებს, არ ვანუგეშებ გაჭირვებულს, ცრემლს არ მოვწმენდ ქვრივსა და ობოლს? განა რა სიყვარული იქნება ეს, თუკი ვიტყვი, რომ მიყვარს უფალი, ხოლო ძმა ჩემი მეძულება? (1 იოან. 4, 20). ნუ ვიყუარებით სიტყჳთა ხოლო, ნუცა ენითა, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებითა (1 იოან. 3, 18). მეორეც, უფლის სიყვარულს ჩვენს გულებში უპირველესი ადგილი უნდა ეჭიროს და ჩვენთვის ყველა სხვა სიყვარულს უნდა აღემატებოდეს. უფალმა თქვა: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ(მათ. 22, 37-38). და აგრეთვე:რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს (მათ. 10, 37). ამგვარად, ჩვენ ყველაზე უფრო მეტად ღმერთი უნდა გვიყვარდეს, და ეს ცხადი და გასაგებია. მან გვიძღვნა სიცოცხლე, გვაძლევს საზრდოს, სამოსსა და ბინას; მან გამოგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე ჩვენსავე ცოდვათა გამო მოკერძებული სასჯელისგან ჩვენს დასასხსნელად; მან გვიძღვნა მფარველი ანგელოზები, მან მოგვცა გადამრჩენელი საიდუმლონი, იგი ყველაზე ფიქრობს და ყველას დაიფარავს. მას ჩვენი თავის თითოეული თმა აქვს დათვლილი; მან ყველა კეთილს ცათა სასუფეველი განუმზადა, და ცოდვილებსაც კი იწვევს იქ. მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, ამბობს იგი, და მე განგისუენო თქუენ (მათ. 11, 28). ყოველივე ამის შემდეგ ვინ უნდა გვიყვარდეს ყოველივეზე მეტად, თუ არა ჩვენი უფალი, მამა, შემოქმედი და მხსნელი? შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, უფალო, დამამტკიცებელო ჩემო, შესავედრებელოჩემო და მჴსნელო ჩემო. ღმერთი ჩემი მწე ჩემდა და მე ვესავ მას (ფსალ. 17, 1-2)! ყოველივე თქმულიდან, ძმანო, ცხადია, უნდა დარწმუნე-ბულიყავით: ღმერთის სიყვარული გახლავთ ის, რომ არა სიტყვით, არამედ საქმით გვიყვარდეს იგი, და გვიყვარდეს ყოველივეზე მეტად. და სწორედ ასეც გვეყვარება იგი. მისი სიყვარულის გამო დავიცავთ მის მცნებებს, გვახსოვს:არა მსმენელნი შჯულისანი განმარ-თლდნენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი შჯულისანი განმართლდენ(რომ. 2, 13). მუდამ მისკენ ვისწრაფებთ გონებით და გულით, დავლოცავთ მისი სიკეთის გამო, ვადიდებთ მის წყალობათა გამო, ქებას ვიტყვით მადლისა და გულმოწყალების გამო. ხოლო ბოლოს კი მივუახლოვდებით მას რწმენით, ფრთას შევისხამთ მისი იმედით და ჩვენი სიყვარულით მოვიცავთ მას.
„სვინაქსარი". ტომი I.
უკან დაბრუნება |