მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > როგორ ველაპარაკოთ უბირ და გაუნათლებელ ადამიანებს სულის ხსნის შესახებ

როგორ ველაპარაკოთ უბირ და გაუნათლებელ ადამიანებს სულის ხსნის შესახებ


21-01-2014, 00:01

როგორ ველაპარაკოთ უბირ და გაუნათლებელ ადამიანებს სულის ხსნის შესახებ

 

 

 

წმინდა ბასილის სწავლება სათნოების შესახებ

 

   არსებობს მრავალი გაუნათლებელი და უბირი ადამიანი, ვისაც არაფერი გაეგებათ დამწერლობის, არც მასში ჩადებული ძალის. ძმანო, როგორ მოვეპყრათ ასეთებს ჩვენ, განსწავლულები, და როგორ ვასწავლოთ მათ? იტყვით: „ეს ჩვენი საქმე არაა, ეს თქვენ, სულიერ მწყემსებს, შეგეხებათო." არ არის ასე, „რამეთუ არ კმარიან მასწავ-ლებლები ყველას სათითაოდ განსასწავლად, ღმერთს უნებებია, ყოველმა შეაგონოს და დაარიგოს მეორე," - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე. მოციქული პავლეც გვასწავლის: (1 თეს. 5, 11). და ოქროპირიც დაურთავს: „თუნდაც რომ ყოველივეს აღვასრულებდეთ, თუ მოყვასს არაფერს ვარგებთ, ვერ შევალთ ცათა სასუფეველში." მაშ, რა გავაკეთოთო, იკითხავთ. აი, რა: როდესაც უბირ ადამიანთან საუბრისას სულის ხსნაზე ჩამოვარდება სიტყვა, რაც შეიძლება, მარტივად ელაპარაკეთ მას, და ყველაფერი კარგად იქნება. რა ვუთხრათო, კვლავ შემედავებით. თქვით, რაც უფალის მიერ გეთქმევინებათ. მაგალითად: უსწავლელი ადამიანი ამბობს:

   - სულის ხსნა მსურს, არ ვიცი კი, როგორ.

   ამაზე უპასუხეთ:

   - თუკი გადარჩენა გსურს, ყურადღებით ისმინე, რასაც სახარებიდან გიკითხავენ, და მოსმენილის მიხედვით განაგე შენი ცხოვრება: ავს არ შეხედო, ენას ლაგამი უდე, სხეული წმინდად შეინახე, ერიდე ამპარტავნებას და მორჩილება დაისწავლე, სუფთა აზრები იქონიე, მრისხანება თვინიერებით დაიცხრე, უფრო და უფრო დაეჩვიე მხოლოდ კეთილ საქმეთა ქმნას. როდესაც ვინმე რაიმეს გართმევს - შური არ იძიო; გიყვარდეს შენი მოძულე; თუკი გდევნიან - დაითმინე, თუკი ვინმე გაძაგებს - ილოცე მისთვის; ცოდვა შეიძულე; ჯვარს აცვი ვნებებითა და გულისთქმით შეპყრობილი ხორცი; უფალი შეიყვარე მთელი გულით. ხშირად მიმართე გონება შენი იქით, სადაც სუფევენ ანგელოზთა დასები, ძველი აღთქმის წმინდა ადამიანები, წმინდა მოციქულნი, წმინდა მამამთავარნი, წმინდა მოწამენი და სხვა მართალნი; მათთან ყოფნა ისურვე და მათ ცხოვრებას მიბაძე. როდესაც რამე უბედურება ან განსაცდელი გეწევა, მაგალითად, სიშიშვლე, მწუხარება ან შიმშილი, ან რამე სხვა ჭირი - ავადობა, უფლისთვის სისხლის დათხევა - დაითმინე ყოველივე ეს, ღმერთი ადიდე და მომავალში მისი წყალობის იმედი იქონიე.

   აი, ძმანო, ამგვარად ესაუბრეთ უსწავლელებს სულის ხსნის შესახებ და, ვიმეორებ, ყველაფერი კარგად იქნება. ამაში წმინდა ოქროპირიც დამემოწმება. ერთხელ მას ამგვარი რამ შეემთხვა: მავანმა ქალმა, ვინც ისმინა მისი სიტყვა და ნათქვამი ვერ გაიგო, ხმა აღიმაღლა ხალხიდან და მიმართა იოანეს:

   - სულიერო მოძღვარო! მეტსაც ვიტყვი, იოანე ოქროპირო! ღრმა არის შენი წმინდა სწავლების ჭა, ხოლო ჩვენი გონების თოკი მოკლეა და მას ვერ ჩაწვდენია...

   წმინდა ოქროპირმა განსაჯა თავისთვის, რომ სარგო არ არის, რთულად ნათხზენი სიტყვით მიმართო ხალხს; და მას შემდეგ ცდილობდა, არა ჩახლართული, არამედ უბრალო, დამმოძღვრავი სიტყვებით მოერთო საუბარი, რათა ყველაზე უბრალო მსმენელსაც გაეგო და სარგებელი მიეღო მისგან. ამგვარად, კვლავაც ვიმეორებ: რაც უფრო მარტივად ისაუბრებთ უსწავლელებთან სულის ხსნის თაობაზე, მით უკეთესი იქნება თქვენთვისაც და მათთვისაც. ამინ.

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.  

 

 


 

 


უკან დაბრუნება