მთავარი > სიძუნწე > თუ როგორ განარისხებს ღმერთს სიძუნწე და უმადურობა

თუ როგორ განარისხებს ღმერთს სიძუნწე და უმადურობა


19-01-2014, 00:01

თუ როგორ განარისხებს ღმერთს სიძუნწე და უმადურობა

 

 

ამბავი კაცისა, ვინც მოწყალების გამო სნეულებას დაეხსნა და მაინც მოუნანიებლად მოკვდა

 

   როდესაც სნეულება შეიპყრობთ, ძუნწებიც გულუხვები ხდებიან ხოლმე. სურთ გამოკეთდნენ, ექიმების იმედი კი დაუკარგავთ და, როგორც ყველა, მზად არიან გასცენ, რაც გააჩნიათ; ოღონდაც წამოდგნენ სარეცელიდან და სიკვდილს გადაურჩნენ - უხვი ხელით გასცემენ მოწყალებას. მაგრამ გაივლის სნეულება და მათი სიუხვეც სადღაც ქრება! და, ფულს დახარბებულნი, ივიწყებენ ღვთის მოწყალებას, ნანობენ საკუთარ, როგორც თავად თვლიან, მფლან-გველობას, ჩივიან საკუთარი სულმოკლეობის გამო, და რას არ იზამდნენ, ოღონდაც ავადობის დროს გაცემული მოწყალება დაებრუნებინათ! რა უმადურობაა ღვთის მიმართ! რა გულქვაობაა! ისმინეთ, ძმანო, ვით ატყდება ღვთის რისხვა ამგვარ ადამიანებს, და ისწავლეთ, ერიდოთ სიძუნწეს და ღვთისადმი უმადურობას.

   მავანი კაცი, ცარგრადს მცხოვრები, მძიმედ დაავადდა და, სიკვდილის შიშით შეპყრობილმა, მოიწადინა, უფლის წყალობა მოეზიდა მოწყალების გაცემის გზით. მან ოცდაათი ლიტრი ოქრო დაურიგა გლახაკებს. გაცემულმა მოწყალებამ მართლაც იხსნა და გამოაჯანმრთელა იგი. თითქოსდა რაღა დარჩენოდა ამის შემდეგ, გარდა დღედაღამ ღვთისთვის მადლის შეწირვისა? მაგრამ არა! ძლიერ დაღონდა იგი თავისი ოქროს გამო და ავადობისას გაცემულ მოწყალებაზე ფიქრი წუთითაც აღარ ასვენებდა. ამით გაწამებული, ერთხელ ერთ თავის მეგობარს ეწვია და თავის საწუხარზე მოუთხრო. მეგობარი კი ღვთისმოსავი და მოწყალე ადამიანი იყო, მან ვერცხ-ლისმოყვარის გონს მოყვანა მოინდომა.

   - დაესხენ ეშმაკის ჩაგონებებს და შენს აღმდგენელ ღმერთს ნუ გაარისხებ. თუ არადა, ვინ იცის? იქნებ ანაზდეული სიკვდილი მოგკერძოს და მაშინ მოუნანიებლად მოკვდები.

   მაგრამ ძუნწმა არ შეიგონა მისი სიტყვები. მაშინ მეგობარმა უთხრა:

   - კარგი, თუ ყურს არ მიგდებ, ასე მოვიქცეთ: წამო ეკლესიაში ჩემთან ერთად. იქ დაგიბრუნებ შენს ფულს, ოღონდ ღმერთის წინაშე თქვი, რომ ავადმყოფობის დროს შენ კი არ გაეცი მოწყალება, არამედ მე.

   ვერცხლისმოყვარემ დიდად გაიხარა ამგვარი წინადადებით და ორივენი ეკლესიაში წავიდნენ. იქ ვერცხლისმოყვარემ მეგობრისგან ფული მიიღო და თქვა, რაც მოეთხოვებოდა, ამის შემდეგ კი მშვიდად გასწია შინისაკენ. მაგრამ ვაი, რომ სახლის ხილვა აღარ ეწერა! ეკლესიის კარში ანაზდად დაეცა და მაშინვე სული ამოხდა. ძრწოლამ შეიპყრო ამის მნახველნი, მათ უმადური ძუნწის უცაბედ სიკვდილში ცხადად დაინახეს ღვთისგან მოვლენილი სასჯელი - სიძუნწისა და უმადურობის გამო. მეგობარმა მიცვალებულისგან აიღო თავისი ოქრო და იქვე დაურიგა გლახაკებს.

   ხომ ცხადად გიჩვენებთ, ძმანო, ეს მაგალითი, თუ რაოდენ დამღუპველია სიძუნწე და უმადურობა! მაშ რა ვუთხრათ მათ, ვინც თავს დამნაშავედ გრძნობს რომელიმე ამ მანკიერებაში? უკვე მოთხრობილ ამბავთან ერთად გაიხსენეთ სახარების სიტყვები მისდამი, ვისაც სურდა, თავისი სასახლეები დაეშალა და უფრო დიდები აეგო: უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე ვისა იყოს (ლუკ. 12, 20); აგრეთვე მოციქულ იაკობის სიტყვები:აწ უკვე თქუენცა, მდი-დარნო, ტიროდეთ და გოდებდით უბადრუკებათა მათთჳს თქუენ ზედა მომავალთა. სიმდიდრე თქუენი დალპოლვილ არს, სამოსელი თქუენი მღილთა დაუჭამიეს. ოქროჲ თქუენი და ვეცხლი თქუენი დაგესლებულ არს და გესლი იგი მათი საწამებელად თქუენდა იყოს და შესჭამდეს ჴორცთა თქუენდა ვითარცა ცეცხლი (იაკ. 5, 1-3). ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.  

 

 


 

 


უკან დაბრუნება