მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > გულმოწყალეს მიმართ უფლის წყალობის სასწაული

გულმოწყალეს მიმართ უფლის წყალობის სასწაული


17-01-2014, 00:05

გულმოწყალეს მიმართ უფლის წყალობის სასწაული

 

 

ამბავი მამა მარტირიუსისა, ქრისტე რომ იტვირთა

 

   ძმანო, ყველას მოგეხსენებათ, როგორც უდაო ჭეშმარიტება, რომ გულმოწყალეთა მიმართ ღმერთიც მუდამ მოწყალე ყოფილა, არის და იქნება. ყველამ იცით:ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ (მათ. 5, 7), რომ ნათქვამია: სასჯელი უწყალო არს მათთჳს, რომელთა არა ყონ წყალობაჲ; იქადოდეთ წყალობასა სასჯელისასა (იაკ. 2, 13), რომ ნეტარ არს, რომელმან გულისჴმა - ყოს გლახაკისა და დავრდომილისაჲ (ფსალ. 40, 1). ყოველივე ასეა, და ამის შესახებ ყველას მოგეხსენებათ. მაგრამ იცით თუ არა, რომ გულმოწყალეთა მიმართ უფალი არა უბრალოდ მოწყალეა, არამედ უჩვეულოდ მოწყალეცაა და ზოგჯერ თავისი მოწყალების დიდებულ და შეუცნობელ სასწაულებს მოუვლენს მათ? თუკი არ იცით, აწ უწყოდეთ, რომ ესეც ჭეშმარიტებაა, და ამის დასტურად ამგვარ ამბავს გიამბობთ:

   საბორის ქვეყანაში ცხოვრობდა მავანი ბერი, ქრისტესმოყვარე, გლახაკთმოყვარე და გულმოწყალე; ჭაბუკი ასაკით და მოხუცი გონებით. ბერს სახელად მარტირიუსი ერქვა და წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა. მას ჩვევად ჰქონდა, თავისი მონსატრიდან მეზობლად მდებარე მონასტერში ხლებოდა ხოლმე თავის სულიერ მამას, რათა მასთან ერთად აღევლინა ლოცვა უფლისათვის. და აი, ერთხელაც, როდესაც მარტირიუსი ჩვეულებისამებრ თავისი მოძღვრისკენ მიემართებოდა, გზად ნახა დავრდომილი გლახაკი, ერთიანად წყლულებით დაფარული. გლახაკსაც იქით ედო გზა, საითკენაც მარტირიუსს, მაგრამ სიარულის ძალი აღარ შესწევდა. მარტირიუსს შეებრალა იგი, გაფინა მიწაზე თავისი მანტია, დააწვინა ზედ გლახაკი და ზურგით წაიღო. როდესაც იგი თავისი ტვირთითურთ მიუახლოვდა მონასტერს, სადაც მისი მოძღვარი ცხოვრობდა, სუ-ლიერი მამა წინ შემოეგება მომავალს და, ვით სულიწმინდით აღვსილმა მჭვრეტელმა, შესძახა მასთან მყოფ ბერებს:

   - იჩქარეთ, განახვნეთ მონასტრის კარიბჭე! რამეთუ მოდის მარტირიუსი და ღმერთი მოჰყავს!

   მარტირიუსმა კი, მონატერს რომ მიუახლოვდა, ჩამოიხსნა ტვირთი და დააპირა, გლახაკი მიწიდან წამოეყენებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მანტიაში არავინ იყო, ბერმა მხოლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახება დაინახა, ცად ამაღლებული და გაისმა ხმა:

   - ჰოი, მარტირიუს, შენ მე მომხედე მიწაზე, მე კი ზეცას მოგხედავ! შენ აწ მომეპყარი წყალობით, ხოლო მე საუკუნოდ შეგიწყალებ!

   როდესაც, შემდგომ ამისა, მარტირიუსი მონასტერში შევიდა, მოძღვარმა ჰკითხა:

   - ძმაო მარტირიუს, სად არის იგი, ვინც მხრებით მოგყავდა?

   მარტირიუსმა მიუგო:

   - რომ მცოდნოდა, მამაო, ვინ არის იგი, მის ფერხთით დავე-მხობოდი.

   სასწაულებრივი ხილვის ამბავი მყის მთელ მონასტერს მოედო. მოძღვარმა კი კვლავ ჰკითხა მარტირიუსს:

   - გიმძიმდა, შვილო ჩემო, გლახაკის ზიდვა მხრებით?

   - არა, - მიუგო მარტირიუსმა, - როდესაც მომქონდა, არანაირ სი-მძიმეს არ ვგრძნობდი, რამეთუ ვზიდავდი მას, ვინც მზიდავს მე და მთელს ქვეყანას; მას, ვინც ყოველივეს ინახავს თავისი სიტყვით.

   ამგვარად, როგორც ხედავთ, ზოგჯერ ჭეშმარიტად საოცარი და გამოუცნობია ღვთის წყალობა მოწყალეთა მიმართ და ზოგჯერ ჭეშმარიტად, ასე ვთქვათ, თვალნათლივ აღესრულება წმინდა ბასილი დიდის სიტყვები: „იმას შეგწირავს თავად ქრისტე, ზეცას მჯდომელი, რასაც შენი ხელიდან იღებს გლახაკი, მიწაზე მწოლი." დიახ, ჭეშმარიტად,დიდ არს ზეშთა ცათა წყალობაჲ შენი (ფსალ. 107, 4), ანუ უსასრულო და გამოუთქმელია უფლის წყალობა გულმო-წყალეთა მიმართ! თავად უფალი მოვიდა მარტირიუსის მოწყალების მისაღებად და თვითონ განუცხადა თავი! რა შეიძლება იყოს უფრო უჩვეულო, გასაოცარი, მიუწვდომელი! და მაინც, ყოველივე ეს აღსრულდა და მოხდა სინამდვილეში. ამიტომ, ძმანო, კეთილსა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარნი მსხუერპლნი სათნო არიან ღმრთისა (ებრ. 13, 16). ამიტომ იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს (ლუკ. 6, 36). დაბოლოს, ამიტომაც, უფლის სიტყვისაებრ, სამართალი გაუჩინე ქვრივს, გაიკითხე უპატრონო, შეეწიე გაჭირვებულს, დაიცავი ობოლი, შემოსე შიშველი, იზრუნე ბეჩავზე და სუსტზე, ნუ დასცინებ კოჭლს, უმწეო დაიცავი, იხილოს ბრმამ ჩემი დიდება. შეიფარე ბერი და ჭაბუკი შენს კედლებს შორის. სადაც კი მკვდარი ნახო, საფლავის ნიშანი აღუმართე. ამის გამო, ამბობს უფალი, პირველ ადგილზე დაგსვამ ჩემი აღდგომის ჟამს (3 ეზრ. 2, 20-23). ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.  

 

 


 

 


უკან დაბრუნება