მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > გულდასმით დავუგდოთ ყური საკუთარი სინდისის ჩაგონებებს

გულდასმით დავუგდოთ ყური საკუთარი სინდისის ჩაგონებებს


16-01-2014, 00:02

გულდასმით დავუგდოთ ყური საკუთარი სინდისის ჩაგონებებს

 

ამბავი მავანი ბერისა, ვინც კერპმსახური მღვდლის ასულის შერთვა მოიწადინა, რისთვისაც უარჰყო ქრისტე და მისი წმინდა ნათლობა; და მაინც იხსნა იგი ღმერთმა

 

   უფლის სიტყვა ამბობს, რომ ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე (დაბ. 8, 21), ანუ ჩვენ ბოროტისკენ უფრო ვართ მიდრეკილნი, ვიდრე სიკეთისკენ. მაგრამ საღვთო განგება ჩვენი ზნეობრივი წახდენის ჟამსაც კი ფხიზლობს, ხშირად აღკვეთს ან გამოასწორებს ჩვენში სიკეთისგან განშორებით აღძრულ ბოროტს და მუდამ ცდილობს, ჩვენმა საქციელმა კეთილი ბოლო გამოიღოს. სამწუხაროდ, ღვთის ამ კეთილ ქმედებებს მეტწილად არათუ უყურადღებოდ, არამედ უმადურობითაც კი ვეპყრობით. ვთქვათ, ჩაიფიქრა ადამიანმა რაიმე ავი საქმე და მის ჩადენას ცდილობს; მაგრამ უცებ გამოუჩნდება რაღაც გარეგანი დაბრკოლება, ან სინდისი ამხილებს, და ცოდვას აღარ ჩაიდენს. თითქოსდა სხვა რაღა უნდა ჰქნას ადამიანმა, თუ არა ის, რომ მადლი შესწიროს უფალს ცოდვის აცილების გამო და მართალ ცხოვრებას შეუდგეს? მაგრამ არა! ამის ნაცვლად ადამიანი მხოლოდ ბრაზობს, რომ ვერ შეძლო ავი განზრახვის ასრულება, და კვლავ იმას ფიქრობს, როგორ შეიძლოს და შესცოდოს ადრე და მალე. ამის გამო კი ხშირად ვხედავთ, რომ რაც უფრო მეტხანს ცხოვრობს ადამიანი, მით უარესი და უარესი ხდება და ზოგჯერ ერთიანად ბოროტებაში ეფლობა. მაგრამ ასეთი რამ არ მოხდებოდა და არათუ არ გაუარესდებოდა, არამედ უკეთესიც გახდებოდა იგი, ყური რომ ეგდო უფლის შეგონებებისა და საკუთარი სინდისისთვის.

   მავანი ბერი უკეთურმა აზრებმა შეაშფოთეს და ეშმაკმაც არ დააყოვნა, ცდუნებით ხლებოდა. ბერი გზას გადასცდა. ერთხელ ეგვიპტის ერთ - ერთ სოფელში გავლისას გზად კერპის ქურუმის ასული შემოეყარა, ბერი ვნებით აინთო და დაუწყო ვედრება ქალის მამას, რომ ცოლად მიეცა ასული. ქურუმმა მიუგო, რომ არ გააყოლებდა ქალს, ვიდრე თავის ღმერთს არ დაეკითხებოდა, და დემონს მიმართა კითხვით:

   - მავანი ბერი ასულის ხელს მთხოვს. გავაყოლო ცოლად?

   ეშმაკმა მიუგო:

   - თუკი უარყოფს თავის ღმერთს, ნათლობას და მონაზვნურ აღთქმებს - მიეცი.

   ბერმა უარყო ღმერთი, ქურუმმა კვლავ მიმართა დემონს და უთხრა, რომ მთხოვნელმა ყველაფერი შეასრულა; ეშმაკმა უთხრა:

   - ნუ მისცემ ასულს, რადგან, მართალია, მან უარყო ღმერთი, მაგრამ ღმერთი ჯერაც შეეწევა და არ გაშორებია მას.

   ქურუმმა ეს პასუხი ბერს გადასცა. ამის გამო ბერი გონს მოეგო, შეინანა და თქვა:

   - თუკი ღმერთმა ამგვარი მადლის ღირსი გამხადა, რომ ჩემგან უარყოფის შემდეგ მაინც შემწედ მყავს, ნუთუ ამის მერეც გავარისხებ მას? - და დაუყოვნებლივ უდაბნოში დაბრუნდა. აქ ერთ წმინდა მამას მოუყვა, თუ რა გადახდა, მან კი თავის მღვიმეში დატოვა იგი და ცრემლით მონანიება, ლოცვა და მარხვა დააკისრა. ბერმა შეასრულა დაკისრებული და სამი კვირის შემდეგ, სასწაულებრივი ხილვით, სრული მიტევება მიიღო. ამის შემდეგ სამუდამოდ წმინდა მამასთან დაფუძნდა და გადარჩა.

   ჰოი, რაოდენ ნეტარნი ვიქნებოდით, მუდამ რომ გვეგდო ყური საკუთარი სინდისის ხმისთვის და გამარჯვებათა შორის ყველაზე სახელოვანი, საკუთარი თავის დაძლევა გვესწავლა! რაოდენ სათნო ვეყოფოდით უფალს, თუკი, ნაცვლად იმისა, რომ ცოდვაზე ცოდვა დაგვერთო, ოდნავ მაინც შევძლებდით, ჯვარს გვეცვა ვნებებს და გულისთქმებს დამონებული ხორცი და მონანულებს მიგვემართა უფლისათვის; წრფელი გულითა და ცოდვის გზის დაგდების სურვილით აღვსილებს რომ შეგვძლებოდა, ვით უძღებ ძეს, ზეციური მამისათვის გვეთქვა:მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი (ლუკ. 15, 18-19). ჭეშმარიტად, გულს ჩაგვიკრავდა იგი და გვეტყოდა: ნისლივით წარვხოცავ შენს დანაშაულს და ჯანღივით - შენს ცოდვა (ეს. 44, 22). ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი I . 

 

 


 

 


უკან დაბრუნება