მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ამა სოფელში ნანახ საგანთა შესახებ ყურადღებით დაფიქრებამ შეიძლება სულისსახსნელი გაკვეთილი მოგვცეს

ამა სოფელში ნანახ საგანთა შესახებ ყურადღებით დაფიქრებამ შეიძლება სულისსახსნელი გაკვეთილი მოგვცეს


15-01-2014, 00:06

ამა სოფელში ნანახ საგანთა შესახებ ყურადღებით დაფიქრებამ შეიძლება სულისსახსნელი გაკვეთილი მოგვცეს

 

 

შეგონება ცათა სასუფეველსა და მარადიულ სატანჯველზე

 

   წმინდა მამანი გვასწავლიან, რომ ხილული სამყარო წიგნს ჩამოჰგავს, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ვისწავლოთ, თუ როგორ მოვიპოვოთ სულის ხსნა. წმ. ტიხონ ვორონეჟელი გვასწავლის: „როგორც წიგნის მთხზველი საკუთარი გონიდან მომდინარე სიტყვებს ქაღალდზე წერს და ამგვარად თითქოსდა არარასგან ყოფადს ჰქმნის; ასევე ყოვლადბრძენმა და ყოვლისშემძლე შემოქმედმა, რაც აზრად ჰქონდა და რის შექმნაც ენება, ყოველივე შექმნა და თითქოსდა ორი ფურცლისაგან, ანუ ცისა და მიწისგან, შემდგარი წიგნი შეთხზა." „ყოველი ნივთი და ღვთის ყოველი ქნილება, წერს წმინდა ბასილი დიდი, - იგივეა, რაც ასოები, რომელთაც ვკითხულობთ." ამგვარად გვასწავლიან, ძმანო, წმინდა მამანი. ჩავწვდეთ ამ სწავლებას და შევეცადოთ გავიგოთ: სამყარო წიგნად როგორ გვადგება? როგორ ვიკითხოთ ეს წიგნი და როგორ მივიღოთ მისგან სულუსსახსნელი გაკვეთილი? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ეკლესიის სიტყვას მივმართოთ:

   აი, შევდივართ დიდსა და მშვენიერ ქალაქში - გვასწავლის ეკლესიის სიტყვა, - დავდივართ მის ქუჩებში, ვტკბებით მისი მდებარეობის სილამაზით, მისი ქუჩებითა და სასახლეებით, და სამუდამოდ აქ დარჩენა გვსურს. ქრისტიანს ამ დროს უნებურად სხვა ფიქრიც უჩნდება: რა ბედნიერებით დატკბებიან ისინი, ვინც ოდესმე შევა უფლის დიდ ქალაქში, ენითუთქმელი სილამაზის ახალ იერუსალიმში, ციდან რომ დაეშვება? ამ აზრიდან მომდინარეობს ხილული სამყაროდან მიღებული პირველი და, ცხადია, სულის-სალხინებელი გაკვეთილი. მაგრამ განვაგრძოთ. შევდივართ მიწიერი ხელმწიფის სასახლეებში და ვხედავთ მათში მარმარილოთი, ოქროთი და ვერცხლით მორთულ წარმტაც პალატებს; ვხედავთ თავად მეფეს, ბისონითა და პორფირით მოსილს, პატიოსანი თვლებით მოოჭვილი გვირგვინით შემკულს, დიდებულებით გარშემორტყმულს. ყოველივე ამის მხილველნი ვხარობთ და, რაკი ქრისტიანები ვართ, ვფიქრობთ იმაზე, თუ რა სიხარული აღავსებს მართლის გულს, როდესაც იხილავს ზეციური მამის პირს და მისი მარადსუფევის დიდებით დარწყულდება. და ამგვარი დაფიქრება ამქვეყნად ხილულზე, ცხადია, გვაძლევს კიდევ ერთ გაკვეთილს, აგრეთვე სარგოს ჩვენი სულისათვის. კვლავაც: როდესაც შევდივართ ათასგვარი ყვავილით მოკაზმულ ბაღში, და მასში შესულებს სიხარული გვეუფლება, და ამ დროს ვფიქრობთ უფლის ბაღზე, ციურ სამოთხეზე, სადაც მართალნი ნეტარებენ ღვთის დიდების სხივებში., მაშასადამე, ხილული სამყაროდან კვლავ ვიღებთ ჩვენი გადარჩენისათვის სარგო გაკვეთილს. მაგრამ აი, ვხედავთ ამქვეყნად სავსებით საწინა-აღმდეგოს იმისას, რაც აქამდე გვიხილავს: მაგრამ ეს საპირისპიროც შესაძლოა, დამმოძღვრავი იყოს ჩვენთვის. აქ, ამქვეყნად, ხშირად მწერებიც კი თავს გვაწყენენ. ხშირად კოღოებისა და ბუზების ნაკბენის ატანაც კი არ შეგვიძლია. დავფიქრდეთ იმაზე, მარადი ცეცხლი რა ტანჯვას მოგვკერძებს. აქ, ისევ და ისევ ამქვეყნად, მზის მხურვალებაც ვერ აგვიტანია და ჭერს ვეძებთ ან საჩრდილობელს ვეფარებით მისგან თავდასახსნელად. დავფიქრდეთ, როგორ გადავიტანთ გენიის მცხუნვარებას. აქ ყოველმხრივ დახშულ სახლში ვბორგავთ და ვშფოთავთ, გვსურს, მალე ვიხილოთ დღის შუქი; დავფიქრდეთ იმაზე, რა დაგვემართება მარად წყვდიადში, სადაც მხოლოდ ტირილის და კბილთა ღრჭენის ხმა ისმის? ეს და ამის მსგავსი ფიქრები, რითაც ხილულ სამყაროს უხილავს შევუთანადებთ, აგრეთვე მუდამ მოგვცემენ სულისსალხენ გაკვეთილს. ამგვარად, მართალია წმინდა მამათა თქმული, რომ სამყარო წიგნია, საიდანაც მუდამ ძალგვიძს, მოვიპოვოთ სწავლებანი, ხსნასთან ჩვენი მიმყვანნი. როგორც დაინახეთ, ამქვეყნიური მშენებაც და ისიც, რაც სავალალო ჩანს მასში, ყოველივე მიგვიძღვის, ან შეუძლია გაგვიძღვეს, ვიმეორებთ, ჩვენი ხსნისაკენ, ჩვენი ნეტარებისკენ. დაბოლოს, გვახსოვდეს იობის სიტყვები: ერთი ჰკითხე პირუტყვს და გასწავლის, ცის ფრინველს და გამცნობს. ანდა შესჩივლე მიწას და გასწავლის, მოგახსენებენ ზღვის თევზები (იობ. 12, 7-8), რომ ღვთის ხელმა შექმნა ეს (მუხ. 9), რომ ამასთან არის სიბრძნე და ძალი, მისი რჩევა და ჭკუა (მუხ. 13). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.  

 

 


 

 



უკან დაბრუნება