მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მეც მსურს მოგილოცოთ ეს ახალი წელიწადი - წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
მეც მსურს მოგილოცოთ ეს ახალი წელიწადი - წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი29-12-2022, 19:34 |
ქრისტესმიერნო ძმანო, ჩვენ, ყველა, ახალ წელს ვულოცავთ და ვლოცავთ, ერთმანეთს ვუსურვებთ ყოველგვარ სიკეთეს და წარმატებას. ამ ჩვეულებას არც მე უარვყოფ, რადგანაც არ არის ურიგო, ანუ რჯულის საწინააღმდეგო. მეც მსურს მოგილოცოთ თქვენ ეს ახალი წელიწადი, მაგრამ რა უნდა გისურვოთ მე თქვენ და მთელ ჩემს სამწყსოს? როგორ უნდა დავლოცო ყოველი სულიერი შვილი და ძმა? ნუთუ მეც ისევე დაგლოცავთ, როგორი ჩვეულებაც თქვენ გაქვთ, ესე იგი, ღმერთმა მრავალ ახალ წელს დაგასწროთ, ტკბილად დაგაბეროთ, გაგამდიდროთ და სხვა! რასაკვირველია, არც ეს არის ურიგო და ღმერთს კიდეც ვთხოვ ყოველივე ეს თავისი მადლით თქვენ მოგანიჭოთ, მაგრამ, ძმანო ჩემნო, საყვარელნო, მსურს უმჯობესი რამ გითხრათ თქვენ და ამ ყველაფერზე უძვირფასესი გისურვოთ თქვენ. რა? მე ვარ თქვენი სულიერი მოძღვარი და ახლა ჩვენ ყველა ღვთის ტაძარში ვდგავართ. ყოველივე ამქვეყნიური საზრუნავი დავტოვოთ და ვიფიქროთ სულიერზე. თავდაპირველად, მსურს და ვევედრები ღმერთს, რომ ამ წელიწადს ყოველი ჩვენგანი სულით და გულით უკეთესი გავხდეთ. მსურს, რომ სულიერება მოგვემატოს, ესე იგი, არა მხოლოდ გარეგნულად ვასრულებდეთ ჩვენს რჯულს, არამედ სრულად, არა მარტო მოვისმინოთ ეკლესიაში წირვა - ლოცვა, არამედ რაც ეკლესიაში მოვისმინეთ ის ერსა და სახლში აღვასრულოთ; არა მარტო მოვნათლოთ ჩვენი შვილები, არამედ აღვზარდოთ კიდევ ქრისტიანულად; არა მხოლოდ წელიწადში ერთხელ ვეზიაროთ და მერე კვლავ მივაქციოთ გული უწინდელ ცოდვას, არამედ რაც ერთხელ მოვინანიეთ, ის მეორედ აღარ გავაკეთოთ. ერთი სიტყვით, თვით საქმით ვიყოთ ქრისტიანები. მეორე, დღევანდელი დღე ცხადად გვაჩვენებს, როგორი ხანმოკლეა ჩვენი ცხოვრება - თითოეული ჩვენგანი ერთი ნაბიჯით მიეახლა სიკვდილს და საფლავს, რადგანაც მოაკლდა მის ცხოვრებას ერთი წელი. ამიტომ ვისურვებ და ვევედრები ღმერთს, რათა ჩვენი ცხოვრების დარჩენილი დღეები კეთილად, სულის სასარგებლოდ მოგვახმაროს, რომ უქმად დროს არავინ ატარებდეს. ქალები ლოტოს თამაშში არ კარგავდნენ დროს, არამედ იგი თავის ოჯახს მოახმარონ; კაცები კი ქაღალდის თამაშით არ კარგავდნენ ბევრ დროს, ღამეს დღედ არ გადააქცევდნენ და დღეს - ღამედ. ერთი სიტყვით ღმერთმა თავისი მადლით შეგვაგონოს, თუ როგორი ძვირფასია კაცისთვის ყოველი წამი. ბოლოს ვისურვებ და მხურვალედ ვევედრებო ღმერთს, რათა მოგვცეს ჩვენ ერთობა და სიყვარული, რომელიც არის ნიშანი, დამამტკიცებელი სულიერი წარმატებისა, საუნჯე დაუფასებელი, გვირგვინი ქრისტიანობისა. საყვარელნო ძმანო, ყველა ერთად მხურვალედ ვევედროთ მაცხოვარს, რათა იყოს ჩვენი შემწე და მფარველი მთელი წლის განმავლობაში. თუმცა ცოდვილნი ვართ, მაცხოვარო ჩვენო! თუმცა არ ვასრულებთ ჯეროვნად შენს მცნებებს, მაგრამ მაინც შენი ვართ, შენს სახელს ოდითგანვე ვადიდებთ, ჩვენი წინაპრების მსგავსად, როგორც ისინი დაიფარე მრავალთა ჭირთა და განსაცდელთაგან და ჩვენი ქვეყანა მოიყვანე აქამდე მშვიდობით, ასევე იყავი ჩვენი შემწე და მფარველი უკუნისამდე, ამინ.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |