მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > წმინდა ევაგრეს სიტყვა მდაბალ და განდიდებულ ადამიანთა შესახებ (ამპარტავნების წინააღმდეგ)

წმინდა ევაგრეს სიტყვა მდაბალ და განდიდებულ ადამიანთა შესახებ (ამპარტავნების წინააღმდეგ)


12-01-2014, 00:01

წმინდა ევაგრეს სიტყვა მდაბალ და განდიდებულ ადამიანთა შესახებ (ამპარტავნების წინააღმდეგ)

 

 

   რადგანაც ამპარტავნების ცოდვა ყველასთვის ვნების მომტანია - მაღლა აიტაცებს და მწარედ დასცემს; ხოლო ზოგს საერთოდაც დაღუპვის უფსკრულში აგდებს - ამის გამო ამპარტავნებს მათ ცოდვისაგან განსაშორებლად და თავმდაბლობის მისაჩვევად ვთავაზობთ წმინდა ევაგრეს სიტყვას და ვთხოვთ, ყურადღებით მოისმინონ იგი.

   წმინდა ევაგრე ამბობს: „რად ამაყდები, ადამიანო, ვინც ხარ სიბინძურე და ჩირქი? რად აიმაღლებ თავს ღრუბლებზე მაღლა? ჩაუფიქრდი საკუთარ ბუნებას: ხომ მიწა ხარ და ფერფლი, და მცირე დროის შემდეგ მტვრად იქცევი? დღეს ამაყი, ხვალ მატლი ხარ. რად სწევ მაღლა თავს, რომელსაც ხრწნას ვერ ააცილებ? ადამიანი ხომ მხოლოდ მაშინაა დიადი, როდესაც ღმერთი ჰყავს შემწედ. ხოლო ღმერთი რომ მიატოვებს, მაშინვე იხილავს საკუთარ არარაობას. და მხოლოდ ის ჭეშმარიტი ქონება გაგაჩნია, რაც ღმერთს მოუცია შენთვის. რად აღიმაღლებ თავს, თუკი დღეს ხარ, ხვალ კი აღარ იქნები? რად მოგაქვს თავი ღვთის მადლით, თითქოსდა შეგესყიდოს იგი? შეიცან მაღალი ღმერთი და ნუ ამაყდები. ღვთის შექმნილი, შემოქმედს ნუ განეშორები. ღვთისაგან შემწეობის მიმღები, ნუ დარჩები უმადური. თავს ნუ იწონებ სიქველეებით, რადგან ისინი შენგან კი არა, ღმერთისგანაა. თუკი ჩაიდინე კეთილი საქმე, ხომ ღმერთი დაგეხმარა მის ჩადენაში, და შენც ადიდე შენი ამმაღლებელი. ნუ მოიძულებ ნათესაობას, თუნდაც რომ გლახაკნი და ღარიბები იყვნენ; ნუ დაჩაგრავ თავმდაბალს: იგი შენ აღგემატება; მტკიცეა იგი და, მიწაზე მოარული, ადვილად არ დაეცემა, ხოლო ამპარტავანი იოლად დაეცემა და დაზიანდება. ამპარტავნება დამპალი დასაჯდომელია, რადგან მასზე მჯდომარე იოლად ეცემა ძირს. ზღუდე და გალავანი თავმდაბალი სიბრძნეა, ვინც მას ეყრდნობა, მყარად იდგება. სულ მალე ქრება ბუშტუკი წყლის ზედაპირზე და ამპარტავანის მეხსიერებაც სიკვდილის შემდეგ აღარ არსებობს. თავმდაბალის სიტყვა სულის სიმტკიცეს შეადგენს, ამპარტავანის სიტყვა კი ბრაზითაა სავსე. თავმდაბალის ლოცვა ღმერთამდე მიაღწევს, ამპარტავანის ლოცვა კი ღმერთს არისხებს. როდესაც სათნოების მწვერვალზე ამაღლდები, მაშინაც კი არ უნდა იქო თავი. მიწაზე წაქცეული მალევე წამოდგება, მაღლიდან დაცემული კი შეიძლება, სასიკვდილოდ დაშავდეს."

   წმინდა ევაგრეს ამ სიტყვათა შემდეგ სხვა რაღა გითხრათ, ძმანო? ამ სიტყვამ გაგაგონათ, რომ მიწა და ფერფლი ვართ ყველანი და მცირე ხნის შემდეგ მტვრად ვიქცევით. აქ კი უკვე თავისთავად ცხადი ხდება, რომ საამაყო არაფერი გვაქვს. და მართლაც რომ ასეა. მიმოიხედეთ: სახელგანთქმული მქადაგებელი ინოკენტი ამბობს: „რა მოსდის წარჩინებას და დიდებას, რა მოსდის სიბრძნეს და ცოდნას, რა მოსდის სიმდიდრესა და ფუფუნებას? ვაგლახ, რომ უწარ-ჩინებულესს სამარეში ისევე დახრავს მატლი, როგორც უკანასკნელ ღატაკს; ყველა ბრძენი და ენამჭვერი ისევე უენოა, როგორც ბავშვი უასაკო; ყველაზე მდიდრის ძვლები ყრია ისევე შიშველი, როგორც მისი, ვისაც სიცოცხლეში სიშიშვლის დასაფარი კონკებიც არ ჰქონდა. ყოველივე გასწორებულია, გადაშლილია სიკვდილის ხელით." ჩვენ კი ვამაყობთ ყოველივე ამით, თავს ვიწონებთ ნაცნობ - უცნობის წინაშე! და ვინ? - ჩვენ - ასე უნდა ვიქცეოდეთ განა? არა, ძმანო, ისღა დაგვრჩენია, თავი დავიმდაბლოთ ღმერთის მძლავრი ხელის ქვეშ, შევიგნოთ საკუთარი უღირსობა და, გულში მჯიღის ცემით, მეზვერესთან ერთად შევღაღადოთ: ღმერთო, მილხინე ცოდ-ვილსა ამას! და ეს იქნება ჩვენთვის საუკეთესო. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.  

 

 


 

 





უკან დაბრუნება