მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > ამპარტავნების წინააღმდეგ
ამპარტავნების წინააღმდეგ11-01-2014, 00:01 |
წმ. მამა ევაგრეს სიტყვა ამპარტავნებაზე
ღირსი ევაგრე თავის სიტყვაში განდიდების შესახებ ამასაც ამბობს: „ამპარტავანის სული მუდამ ავის ზრახვაშია, ხოლო ამით ადამიანი ბოროტების სიღრმეში ჩაინთქმება. როგორც ლოდი, კლდეს მოწყვეტილი, მაშინვე დაბლა ვარდება, ასევე ამპარტავანი, ღმერთს განდგომილი, ქვაზე სწრაფად ეცემა... წამხდარი ნაყოფი მიწისმოქმედს არად არგია, და ამპარტავანის კეთილი საქმენი ღმერთს არა სთნავს... ამპარტავანის სული ღმერთს შორდება და მხოლოდ ეშმაკს ახარებს... ამპარტავნებამ ზეციდან ჩამოსცა მთიები და იგი, ვით ელვა, მიწას დაენარცხა." ჩვენს შესაგონებლად, ძმანო, ყურადღებით მოვეკიდოთ ღირსი მამის სიტყვებს და ვნახოთ, არის თუ არა მათში სიმართლე. ევაგრე, უწინარეს ყოვლისა, გვეუბნება: „ამპარტავანის სული მუდამ ავის ზრახვაშია, ხოლო ამით ადამიანი ბოროტების სიღრმეებში ჩაინთქმება." ღირსი მამის ამ სიტყვების ჭეშმარიტებას საუკეთესოდ ადასტურებს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი. ამპარტავნებით დაბრმავებული, იგი მიწაზე მცხოვრებ უბედნიერეს ადამიანად მიიჩნევდა თავს, მთელ ძალაუფლებას და დიდებას საკუთრივ მიიწერდა და გმობდა ებრაელთა ღმერთს. რით დამთავრდა ყოველივე? იმით, რომ, ევაგრეს სიტყვისამებრ, იგი ბოროტების სიღრმეში დაინთქა. ერთხელ, როდესაც ნაბუქოდონოსორი ბაბილონს შესცქეროდა და ამაყობდა მით, როგორც საკუთარი ქმნილებით, ზეგარდმო ხმა ჩამოესმა. და ამ წუთიდან, ჭკუას გადამცდარი, ტახტს და ხალხს მოშორებული, შვიდ წელს, ვით საქონელი, ბალახით იკვებებოდა. შემდეგ ღირსი მამა გვეუბნება: „როგორც ლოდი, კლდეს მოწყვეტილი, მაშინვე დაბლა ვარდება, ასევე ამპარტავანი, ღმერთს განდგომილი, ქვაზე უფრო სწრაფად ეცემა." და ესეც სრული სიმართლეა, ძმანო ჩემნო! ბერმა ირონმა ორმოცდაათი წელი გაატარა უდაბნოში და იქ მცხოვრებ ყველა ბერს აღემატა თავისი ანგელოზებრივი ცხოვრებით. მაგრამ ამპარტავნებამ ამგვარი მოღვაწეც კი დაღუპა. მან გადაწყვიტა, რომ მეზობლად მცხოვრები ბერები არ იცავენ იმგვარ ტიპიკონს, როგორიც, მისი აზრით, საჭიროა დაიცვან, და ამის გამო ზემოდან დაუწყო მათ ცქერა. ეშმაკმა შენიშნა ბერში ჩასახული თავმომწონეობა; რასაკვირველია, არ დააყოვნა, მის დასაღუპად გარჯილიყო, რა თავისას მიაღწია. ნათლის ანგელოზის სახით გამოეცხადა ბერს და მანაც, ხიბლში მყოფმა, მართლაც ანგელოზად ჩათვალა იგი. ეშმაკმა შესთავაზა ბერს, ჭაში ჩამხტარიყო, უთხრა, თითქოსდა წმინდა ცხოვრების წყალობით ზიანი არ მიადგებოდა. ბერი დაჰყვა მის ცდუნებას და ცოცხალ - მკვდარი ძლივს ამოიყვანეს ჭიდან. მესამე დღეს იგი მიიცვალა. ევაგრე აგრეთვე გვმოძღვრავს: „წამხდარი ნაყოფი მიწისმოქმედს არად არგია, და ამპარტავანის კეთილი საქმენი ღმერთს არა სთნავს." ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ფარისევლის მაგალითი ხდის უეჭველს. ამპარტავანი ფარისეველი ასე ლოცულობდა: „ღმერთო, გმადლობ, რომ არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო და მემრუშე... ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ." განა სთნავდა უფალს ამგვარი ლოცვა? არა, რადგანაც ღმერთმა ფარისეველის შესახებ თქვა: (ლუკ. 18, 10-14). „ამპარტავანის სული ღმერთს შორდება და მხოლოდ ეშმაკს ახარებს," - განაგრძობს ევაგრე. ესეც მართალი ნათქვამია, ძმანო. „მდაბალია, - ამბობს ეკლესიის სიტყვა დიდებულებსა და ამაღლებულებზე, - მდაბალია ღმერთისა და ადამიანების თვალში ყოველი განდიდებული". ადამიანური ცოდვის დასაბამი ამპარტავნებაა, ამპარტავანი სძაგს ყველას და საბოლოოდ სრულიად სცილდება ღმერთს. დანარჩენი კი უკვე თავისთავად ცხადია. თუკი ამპარტავანი ადამიანი მდაბალია ღვთის წინაშე, იგი იმავდროულად ეშმაკისთვისაა მოსაწონი და გასახარელი. დაბოლოს, ღირსი მამა ამბობს: „ამპარტავნებამ ზეციდან ჩამოსცა მთიები და იგი, ვით ელვა, მიწას დაენარცხა." მართლაც რომ ასე მოხდა. როგორ ჩამოემხე, ამბობს ესაია, ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა!.. მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! ხოლო გულში ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო! მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში (ეს. 14, 12-15). ასე ამბობს ესაია. ხოლო უფალი დაურთავს: ვხედევდ ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა (ლუკ. 10, 18). იმედი მაქვს, ძმანო, ყოველივე თქმულის შემდეგ დარწმუნდით ევაგრეს სიტყვათა ჭეშმარიტებაში. და თუკი ასეა, მაშ, გახსოვდეთ ისინი, გულს დაისახეთ ისინი და მათი რჩევისამებრ გაისარჯეთ. განაგდეთ თქვენგან ყოველგვარი ამპარტავნება და თავმდაბლობა შეიყვარეთ. ხოლო იმისათვის, რათა თავმდაბლობის სათნოებებს დაეჩვიოთ, უფრო ხშირად გაიხსენეთ ხოლმე უფლის სიტყვები: აი, ვის მივაპყრობ მზერას - გლახაკსა და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს (ეს. 66, 2). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.
უკან დაბრუნება |