მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > გლახაკ გოგონათა თავშესაფრის მოწყობის სასარგებლოდ
გლახაკ გოგონათა თავშესაფრის მოწყობის სასარგებლოდ10-01-2014, 00:05 |
ამბავი წმინდა მარკიანეს ცხოვრებიდან, ვინც სამოსი გაიძრო და გლახაკს მისცა
ხორციელ მოწყალების საქმეთაგან ერთ - ერთი გახლავთ, შემოსო შიშველი ან აუცილებელ და რიგიან სამოსს მოკლებული ადამიანი. თუ რამდენად მაღალია ეს საქმე უფლის თვალში, ჩანს იქიდანაც, რომ უფალი ამას საკუთრივ მისთვის გაღებულ მოწყალებად თვლის და მსოფლიო სამსჯავროზე ასე ეტყვის შიშველთა შემმოსველებს: (მათ. 25, 36); და თავის სასუფეველში მიიხმობს მათ სიტყვებით: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ (მათ. 25, 34). მაგრამ ამის გარეშეც ცხადია, რომ ეს საქმე განსაკუთრებით სთნავს ღმერთს, რადგან იგი ამ ცხოვრებაშიც ზოგჯერ სასწაულებრივად განადიდებს მოწყალე ადამიანებს, მათ, ვისაც არ ენანებათ გლახაკთათვის საკუთარი, მათთვისაც საჭირო, სამოსის მიძღვნა, თითქოსდა მომავალი, უფლისგან დიდების მეუფებაში დაპირებული საზღაურის საწინდრად. ღირსი მარკიანე განსაკუთრებულ მოწიწებას გრძნობდა წმინდა მოწამე ანასტასიას მიმართ, მის სახელზე ეკლესია მოაწყო და განიზრახა, ამ ეკლესიაში მოწამის წმინდა ნაწილები გადმოეტანა. საამისოდ მან მოიწვია პატრიარქი გენადი, მრავალი სასულიერო პირი, აგრეთვე ურიცხვი ხალხიც შეიკრიბა. როდესაც დაიწყო მსვლელობა მოწამის წმინდა ნაწილების გადმოსატანად და მარკიანე სათავეში ჩაუდგა მიმავალთ, მას მიუახლოვდა ერთი გლახაკი და მოწყალება სთხოვა. მარკიანეს ფული არ ჰქონდა, მაგრამ არ დაფიქრებულა. წუთით მიეფარა თვალს, გაიხადა სამოსი და მათხოვარს გადასცა იგი, თავად კი მხოლოდ სამღვდელო ანაფორის ამარა დარჩა. მისი საქციელი არავის შეუნიშნავს. წმინდა ნაწილები მიიტანეს და შესაბამის ადგილად დაასვენეს. დაიწყო საღმრთო ლიტურგია. მარკიანე მწირველთა შორის იყო. წმინდა საიდუმლოსთან ზიარების შემდეგ ღვთისმსახურნი ხელბანვას შეუდგნენ, მათთან მარკიანეც. იგი ცდილობდა, დაეფარა სამოსის ნაკლულოვნება, აქეთ - იქით იცქირებოდა და გამუდმებით ისწორებდა ანაფორას, ხოლო მის გარშემომყოფნი... ჰოი, სასწაული! ხედავდნენ, რომ ანაფორის ქვეშ მას საუცხოო სამეფო სამოსი აცვია. ნანახმა აცდუნა ისინი და ამის შესახებ პატრიარქს მოახსენეს. - მე თავადაც დავინახე, რაც თქვენ ნახეთ, რომ ეცვა! - მიუგო მათ მღვდელმთავარმა. წირვის დასრულების შემდეგ მან ყველას დასანახად გაიხმო ღირსი მამა და უთხრა: - კანონს არღვევ, ძმაო! განა შეგფეროდა, სამეფო სამოსით გეწირა? მარკიანე მორჩილებით დაემხო მღვდელმთავარის ფეხებთან და შესძახა: - შემინდე, მეუფეო, ბრალი არ მიმიძღვის ამაში! - მაგრამ ჩვენ ხომ ყველამ გნახეთ სამეფო სამოსით, - განაგრძობდა პატრიარქი, - რად უარობ? ამ დროს ერთმა დამსწრეთაგანმა გადახსნა ღირსის ანაფორა და ყველამ დაინახა მისი სხეული ყოველგვარი სამოსის გარეშე. მაშინ შეიტყვეს, როგორ მოექცა იგი გლახაკს, და ყველა მიხვდა, რომ მის სხეულზე დანახული სამეფო სამოსი განსაკუთრებული ღვთიური მოწყალების სასწაულებრივი ნიშანი იყო. ყველამ ადიდა უფალი. ღარიბთა სიყვარულის გამო მარკიანე შემდგომში უფლისგან სხვა წყალობათა ღირსიც შეიქნა: სასწაულმოქმედების ნიჭი შეიძინა, ეშმაკებს განასხავდა, სნეულებს კურნავდა და მკვდრებს აღადგენდა. ძმანო! რამდენი იყო ადრე, და ახლაც ბევრია ისეთი, ვისაც არ გააჩნია რიგიანი სამოსი და ამის გამო სიცივით ან სიცხით იტანჯება; არიან ალბათ ისეთნიც, ვისაც სიშიშვლეც კი ვერ დაუფარავს. ნუ დაივიწყებთ ამ საბრალოთ და დაეხმარეთ, რითაც შეგიძლიათ. მათთვის მიცემული ხრწნადი სამოსის ნაცვლად თავად თქვენ იქნებ უხრწნელი სამოსი მიიღოთ უფლისაგან. იქნებ თქვათ: „განა ვინ დადის დღეს ჩაუცმელი? იქნებ ლოთები, სხვა არავინ." არაა ასე. აი, მაგალითად, ჩვენთან მოსკოვის მახლობლად კეთილმა ადამიანებმა თავშესაფარი მოაწყვეს გლახაკი გოგონებისთვის და იქ კრებენ მათ. თავადაც მოგეხსენებათ, რით არიან ეს საბრალონი შემოსილნი! რომ თუნდაც გაცვეთილი ტანსაცმელი შესწირონ ამ ბედკრულ გოგონებს. თუნდაც რაიმე, კონკებიც კი გამოადგებათ. გსურთ მათი დახმარება? დაე, გაკურთხოთ უფალმა კეთილ საქმეზე. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.
უკან დაბრუნება |