მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ლოთობის მავნებლობაზე

ლოთობის მავნებლობაზე


8-01-2014, 00:01

ლოთობის მავნებლობაზე

 

 

 

წმინდა ბასილის შეგონება ნაყროვანებასა და ლოთობაზე

 

   წმ. ბასილი თავის სიტყვაში ნაყროვანებასა და ლოთობაზე, სხვა მრავალთან ერთად, ამბობს: „რაოდენ შერცხვენის და ძაგების ღირსნი არიან ისინი, ვინც დათრობას არ იშლიან! ლოთობა ხომ ყოველი საძაგელი საქმისა და ჭუჭყის მშობელია." შევჩერდეთ ძმანო, მღვდელმთავრის ამ სიტყვებზე და დღეს ჩვენს შესაგონებლად ვისაუბროთ იმაზე, სამართლიანად იტყვის თუ არა იგი, რომ ლოთები შერცხვენისა და ძაგების ღირსნი არიან და რომ ლოთობა ყოველი საძაგელი საქმისა და ჭუჭყის მშობელია?

   რას ვხედავთ ლოთში? ვხედავთ სრულ სულიერ დაყრუებას, სრულ გამარჯვებას ხორცისას სულზე. ლოთი მხოლოდ თავისი მემთვრალე წყურვილის მოკვლას ესწრაფვის; სურს, რაც შეიძლება, რამე კარგი გამოვიდეს მისგან? არა, აქ კარგს არაფერს უნდა ველოდეთ, არამედ მართლაცდა მხოლოდ შერცხვენასა და ძაგებას, ყოველგვარ უწმაწურობას და ავ საქმეს, ჭუჭყსა და ბნელს ბნელზე მოდევნებულს, სიბინძურეს სიბინძურეზე მოდევნებულს. არეული და პირქუში აზრები, უკიდურესად აღგზნებული ხორციელი ვნებანი; მზერა - უგონო ან, თუ შეიძლება ასე ითქვას, მტაცებლური... და დადის ლოთი, ვით კაენი, კვნესით და ცახცახით, მოსვენებას არ აძლევს არც თავს, არც სხვებს. მკრეხელური და უღმერთო სიტყვები დასდინდება ბაგეთაგან, რაც ოდნავადაც ვერ უცხრობს შინაგან ცეცხლს. ღმერთისა და ადამიანების მიმართ უკმაყოფილება იღვრება მისი გულიდან, რაც ვერაფრით უმსუბუქებს გულის მწუხარებას და სიძნელეებს. სასოწარკვეთილების შემოტევისას ლოთს ზოგჯერ სანატრელად ეჩვენება ავი სიკვდილი და საცოდავი ხშირად თავად აღმართავს ხელს საკუთარ სიცოცხლეზე. გარდა ამისა, ლოთობას აქამდეც მივყავართ: ვინ ოხრავს? ვინ კვნესის? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უმიზეზოდ ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები? (იგავ. 23, 29). რასაკვირველია, ლოთს. მეტწილად ვისი ბრალია ოჯახის შემზარავი სიღატაკე? ლოთების. ყველაზე ხშირად ვინ ხდება საკუთარი ოჯახისათვის შეუბრალებელი და არაადა-მიანური ტირანი? ლოთი. მოყვასს ვინ აძლევს ყველაზე მეტ საცდურს? ლოთი. ამგვარად, მართლადაა ნათქვამი, რომ ლოთები შერცხვენის და გმობის ღირსნი არიან და რომ ლოთობა ყოველგვარი საძაგელი საქმისა და ჭუჭყის მშობელია.

   ჩვენ რაღა უნდა შევიგონოთ ყოველივე ამისგან? რასაკვირველია, ის, რომ ლოთობას უნდა გავურბოდეთ, ვით საზარ გველს, და სხვებიც უნდა მოვარიდოთ ამ მანკიერებას. როგორც ხედავთ, ლოთობის გზა მოლიპული გზაა, საზარელი, ადამიანის ღვთისაგან განმაშორებელი გზა, იგი ლოთებს ღვთის სამსჯავროზე მარადი ბრალეულობისკენ და მარადი დაღუპვისკენ მიუძღვება. ამგვარად, ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაჲთა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი. (ლუკ. 21, 34). ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.

 

 


 

 


უკან დაბრუნება