მთავარი > სხვადასხვა > თავმოწონების და თავისქების წინააღმდეგ
თავმოწონების და თავისქების წინააღმდეგ7-01-2014, 00:02 |
ედესის ეპისკოპოსის წმ. თეოდორეს მონათხრობი საკვირველ მესვეტეზე, ეფესოში მყოფზე
სულიერი ამპარტავნება მრავალს ღუპავს. მის გამო ხალხი ხშირად არათუ აკლდება თავის კეთილ საქმეთა საზღაურს, არამედ ღვთის რისხვასაც მოიწევს თავზე. ეს ამპარტავნება მრავალი სახისაა და ძნელია ყველას ჩამოთვლა. მაგალითისთვის ავიღოთ ერთ - ერთი მათგანი. - ჰოი! - ამბობს ზოგი, - რა გულქვაა დღეს ყველა, ვინც მდიდარია: ღატაკს ცრემლს არ მოსწმენდენ, მოყვასის სიყვარული არ გააჩნიათ! აი, მე რომ მდიდარი ვყოფილიყავი, რამდენ ქვრივ - ობოლს ვუპატრონებდი! რამდენ სიკეთეს დავთესდი! და რა? ხდება ხოლმე, რომ ამგვარი ადამიანი მართლაც გამ-დიდრდება და მართლაც ბევრ სიკეთესაც ჩაიდენს, მაგრამ როგორ? აუცილებლად ასეთი ფიქრებით: „აი, როგორი ვარ! სხვა ადამიანებს კი არ გვავარ!" ხოლო ამ ფარისევლური თავისქების გამო მისი კეთილი საქციელი ღვთის თვალში სიკეთეც აღარ არის. მავანი წმინდა ბერი, მესვეტე, ედესის მახლობლად იღვწოდა სუ-ლის ხსნისათვის. ედესის ეპისკოპოსის, წმინდა თეოდორეს შეკითხვაზე, თუ რამ აიძულა იგი სვეტზე შემდგარიყო და თუ რამდენი წელიწადი იყო, რაც იღვწოდა, ბერმა უპასუხა: - უფროს ძმასთან ერთად ჯერ კიდევ სიჭაბუკეში განვშორდი სო-ფელს. ჯერ მონასტერში გავატარეთ სამი წელიწადი, შემდეგ უდაბნოში გავედით, აქ შორიახლოს ორი გამოქვაბული ვიპოვეთ და დავსახლდით: მე ერთში, ძმა - მეორეში. აქ მდუმარებით, მარხვითა და ლოცვით ვატარებდით დღეებს და მხოლოდ კვირადღეს ვხვდებოდით ერთმანეთს. მაგრამ ჩემთვის ამგვარი მეუდაბნოე ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთხელ, როდესაც ორივენი გამოვედით ჩვენ - ჩვენი გამოქვაბულებიდან საზრდელის - თავთავებისა და ძირხვენების - შესაგროვებლად, და ერთმანეთის შორიახლოს ვიმყოფებოდით, უცებ დავინახე, რომ ჩემი ძმა მოულოდნელად გაშეშდა ერთ ადგილზე, თითქოს რაღაცამ შეაძრწუნაო, შემდეგ კი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა და თავის გამოქვაბულში მიიმალა. მე ვერ გამეგო, რა ხდებოდა მის თავს; მივუახლოვდი იმ ადგილს, სადაც იგი მოულოდნელად გაჩერდა, რათა მენახა, რა იყო იქ, და დავინახე ძირს დაბნეული უამრავი ოქრო. ბევრი აღარ მიფიქრია, გავიძვრე მანტია, გამოვკარი მასში მოულოდნელად ნაპოვნი განძი და ძლივძლივობით მივათრიე ჩემს სენაკში. შემდგომ ამისა, ისე, რომ ძმისათვის სიტყვაც არ მითქვამს, ქალაქს წავედი, ვიყიდე იქ დიდი სახლი, მოვაწყვე მასში უსსახლკაროთა თავშესაფარი და საავადმყოფო და იქვე დავაარსე მონასტერი, რომელშიც ორმოცი ბერი დავასახლე. ყოველივე ეს ჩავაბარე გამოცდილ იღუმენს, მასვე დავუტოვე ათასი ოქრო მონასტრის საჭიროებისთვის, ათასი ოქრო კი ღარიბებს დავურიგე. ამის შემდეგ კვლავ დავტოვე სოფელი და გავემართე ძმისაკენ. გზად მიმავალმა დავიწყე საკუთარ თავზე მოწონებით ფიქრი, ძმას კი ვკიცხავდი, რომ მან არ მოინდომა ნაპოვნი ოქროს კეთილ საქმეში მოხმარება. როდესაც ძმის მღვიმეს მივუახლოვდი, უკვე ერთიანად ვიყავი შეპყრობილი თავმოწონების ფიქრებით. მაგრამ ამ დროს გამომეცხადა უფლის ანგელოზი მრისხანე სახით და მითხრა: - უწყოდე, რომ ყოველივე ის, რაც შენ გააკეთე, არა ღირს იმ წინსვლად, რასაც შენმა ძმამ მიაღწია ამ ოქროს წყალობით, და იგი შეუდარებლად მაღალი და ღირსეულია უფლის წინაშე, ვიდრე შენ. შენ იმის ღირსიც არა ხარ, რომ ხედვიდე მას, და ასე იქნება მანამ, ვიდრე სინანულითა და ცრემლებით არ განიწმინდები შენი ცოდვისაგან. ამის თქმის შემდეგ ანგელოზი გაუჩინარდა, ხოლო მე გავემართე ჩემი ძმის მღვიმისაკენ და მართლაც ვერ ვნახე იგი, რამაც თავზარი დამცა. ბევრი ცრემლი დავღვარე აქ, იმდენად ბევრი, რომ სრულიად დავუძლურდი. ბოლოს, როგორც იყო, ღმერთმა შემიბრალა და ზეგარდმო ხმამ მიბრძანა მოსვლა ამ ადგილას, სადაც ახლა მხედავ და სადაც უკვე ორმოცდაცხრა წელიწადია, ვცხოვრობ. აქ მხოლოდ უკანასკნელ, ორმოცდამეათე ზაფხულს ანგელოზის მიერ მეუწყა სრული შენდობა და დაპირება, რომ ვიხილავ ძმას ზეციურ სავანეებში." ამგვარად, ძმანო, როდესაც რაიმე კეთილი საქმის ჩადენას განიზრახავთ, უპირველესად ყურადღება მიაპყარით იმას, თუ რამდენად წმინდაა თქვენი სურვილი, რომელიც ამ საქმის ჩადენას გაიძულებთ. თუკი სურვილი წმინდაა, მაშ, შეუდექით მის აღსრულებას და ღმერთი იყოს თქვენი შემწე; თუკი ასე არაა, თუკი შეამჩნევთ საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების სურვილს, ან თავმოწონებას, ან მოყვასის განკითხვისთვის მზადყოფნას, ან სხვა რაიმე აუგს, მაშინ ჯერ საჩქაროდ განიწმინდეთ გული ამ ავი განწყობისაგან და მხოლოდ ამის შემდეგ აასრულეთ საქმე, რომელიც ჩაგიფიქრიათ. თუკი ასე არ მოიქცევით, თქვენს მიერ განზრახული სიკეთე დაემსგავსება კეთილ თესლს, ჩათესილს სარეველებში, რომლებიც არ ანებებენ მას, იზარდოს და ნაყოფი გამოიღოს. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.
უკან დაბრუნება |