მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მკრეხელობის შესახებ
მკრეხელობის შესახებ4-01-2014, 08:29 |
სიტყვა ლიმონარისა, თქმული წირვის ჩამტარებელი ბავშვების თავს მოწეულ სასწაულზე
სიტყვაში „ლიმონარისა, თქმული წირვის ჩამტარებელი ბავშვების თავს მოწეულ სასწაულზე", ორი ჭეშმარიტება გვიცხადდება: პირველი ის, რომ ღმერთს ვერვინ დაგმობს, ხოლო მეორე ის, რომ მკრეხელობის ცოდვა მეტად მძიმე ცოდვაა. რათა დარწმუნდეთ როგორც ერთი, ასევე მეორე აზრის ჭეშმარიტებაში, ისმინეთ ამბავი: ერთ სოფელში ბავშვები ცხვარს მწყემსავდნენ. ბავშვები, რასაკვირ-ველია, ყველგან ბავშვები არიან და მუდამ ცდილობენ, დრო იხელთონ და თამაში წამოიწყონ. ასეთივე იყვნენ ხსენებული მწყემსებიც. მაგრამ თამაშიცაა და თამაშიც, ზოგი მათგანი სასარგებლოცაა ბავშვებისათვის, ზოგმა კი დიდი ბოროტება შეიძლება მოუტანოს. სწორედ ასეთი მავნე თამაში წამოიწყეს მწყემსმა ბავშვებმაც. ასეთი რამ მოიფიქრეს: - მოდით, - თქვა ერთმა, - წირვა ჩავატაროთ და ვეზიაროთ, როგორც ამას მღვდელი აღასრულებს ეკლესიაში. სხვები დაეთანხმნენ. და აი, ბავშვებმა, ერთ - ერთი მოთამაშე მღვდლად დაადგინეს, ორი სხვა - დიაკვნებად. დაიწყო მკრეხელობა. იქვე მდებარე ერთი ქვა ბავშვებმა საკურთხევლად გახადეს და ზედ დადეს პური და თასით ღვინო. და დაიწყეს დიაკვნის და მღვდლის სათქმელი სიტყვების წარმოთქმა. ბავშვებმა, რაკი ყოველთვის ესწრებოდნენ წირვას ეკლესიაში, იცოდნენ მსახურების წესი. და როდესაც მათ მკრეხელურ თამაშში პურის კვეთის და ზიარების ჟამი დადგა, ანაზდად ზეციდან ცეცხლი ჩამოიჭრა და ყველაფერი გაანადგურა; პურიც, ღვინოც, ქვაც, რომელზეც ეს ყველაფერი ელაგა. ღვთის ესოდენ ცხადი რისხვის მხილველი ბავშვები ძრწოლით განერთხნენ მიწას, ვერც ფეხზე დგებოდნენ, სიტყვაც ვერ ეთქვათ. უსაზღვრო იყო მათი შიში. მშობლები, რაკი ბავშვები ჩვეულ დროს არ დაბრუნდნენ, მათ შესახვედრად წავიდნენ იქით, საიდანაც ყმაწვილები ბრუნდებოდნენ ხოლმე, და ნახეს შვილები იქ, სადაც მკრეხელობა ჩაიდინეს. მაგრამ როგორები დახვდნენ ისინი? დამუნჯებულნი, გონებადაკარგულნი, სიკვდილს მიახლოებულები. ბავშვები ხელით წაიღეს სახლებში, მამებს ვერ გაეგოთ, რა მომხდარიყო. მაგრამ მალე ყველაფერი ცხადი გახდა. როდესაც ყმაწვილები გონს მოეგნენ, მოყვნენ, თუ რა შეემთხვათ იმ დღეს. დასრულდა ყოველივე იმით, რომ ყველამ ადიდა მართლმსაჯული და ყოვლისმხედველი უფალი. ამგვარად, ძმანო, პირველი ჭეშმარიტება შესახებ იმისა, რომ ღმერთი ვერვისგან შეიგინება, ამ ამბავში დამტკიცებულია იმით, რომ, როდესაც წმინდა საიდუმლო შეურაცხყვეს, თუნდაც ბოლომდე გაუაზრებლად მოხდა ეს, მაშინ სრულიად გამოვლინდა ღმერთის ძლიერება და მართლმსაჯულება. ანაზდად ზეციდან ჩამოიჭრა ცეცხლი და გადაბუგა, თუკი შეიძლება ასე ითქვას, მთელი მკრეხელური ქმედება. ხოლო შემდგომ ამისა მამებსაც და შვილებსაც უნდა შეეგნოთ, რომ მკრეხელობის ცოდვა ჭეშმარიტად საზარელი ცოდვაა და იგი ღვთისაგან დაუსჯელი არ რჩება. ჩვენც გვახსოვდეს ყოველივე ეს და, რათა დავიცვათ თავი ხსენებული ცოდვისაგან, გულში მუდამ ვატაროთ ღვთის შიში, უდიდესი მოწიწებით მოვეპყრათ ყველაფერს წმინდას და ხშირად გავიხსენოთ წმინდა წერილის სიტყვები:ვაჲ თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამე-თუ იგლოვდეთ და სტიროდით. ამინ.
"სვინაქსარი". ტომი I.
უკან დაბრუნება |